გაუქმდეს დირექტორთა კონკურსის „გასაუბრებები“ სამინისტროში - „განათლების ომბუდსმენი“

პუბლიკა

„განათლების დამცველთა ასოციაცია“ დირექტორთა კონკურსისთვის „გასაუბრების“ გაუქმებას ითხოვს და მინისტრს მოუწოდებენ საჩქაროდ გამოსცეს ბრძანებულება, რომლითაც დირექტორობის ყველა კანდიდატი ასარჩევად პირდაპირ წარედგინება საჯარო სკოლებს. 

ასოციაციის წევრები მასწავლებლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, რათა შეუერთდნენ მათ მშვიდობიან აქტივობას, რომელიც ყოველ ოთხშაბათს (15:30 სთ.დან) და შაბათს (13:30 სთ.დან) იმართება განათლების სამინისტროს წინ.

„დემოკრატიის მიდაღწევად სკოლას უნდა მართავდეს დემოკრატიულად არჩეული ლიდერი – დირექტორი. დირექტორის არჩევა კი ყველაზე უკეთ შეუძლია სკოლას და ადგილობრივ თემს. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შეუძლებელია იცოდნენ, თუ რომელ სკოლას, როგორი დირექტორი სჭირდება. გავრცელებული აზრის შესწავლაც ადასტურებს, რომ სკოლებს, მასწავლებლებს, მშობლებს და ბავშვებს სურთ თავად მოვუსმინოთ დირექტორობის ყველა კანდიდატს და დამოუკიდებლად აირჩიონ თავისი სკოლის დირექტორი სამთავრობო ფილტრისა და ბიუროკრატიის ჩარევის გარეშე.

სწორედ ამიტომ მოვითხოვთ გაუქმდეს „გასაუბრებები“  სამინისტროში და, როგორც ხელისუფლება დაგვპირდა – სკოლებს დროულად პირდაპირ წარედგინოთ დირექტორობის კანდიდატები ასარჩევად, მთავრობის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯს და საზოგადოების პატივისცემას!“,- ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განათლების დამცველთა ასოციაციის შესახებ

„განათლების დამცველთა ასოციაცია“ განათლების სამინისტროსთან გასულ თვეში მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა პედაგოგებმა დააფუძნეს.

ასოციაციის საქმიანობის მიზანი იქნება, რაც შეიძლება მეტი პედაგოგი გააერთიანოს თავიანთი უფლებების დაცვისთვის, რათა მათ ხმამაღლა ისაუბრონ სასკოლო პრობლემებზე და ერთად იზრუნონ სასკოლო გარემოს გაჯანსაღებაზე.

ასოციაციაში გაწევრება შეუძლია ყველას, ვისაც განათლების საკითხები აინტერესებს, თუმცა განსაკუთრებით მოქმედ პედაგოგებს მოუწოდეს, რომ თავიანთი და კოლეგების უფლებების დასაცავად ასოციაციას შეუერთდნენ.

დირექტორთა კონკურსის მონაწილეებმა, მაია ეკალაძემ და დავით ფერაძემ, დეკემბერში პერმანენტული საპროტესტო აქციები გამართეს განათლების სამინისტროსთან, სადაც დირექტორთა სერტიფიცირების შედეგები გააპროტესტეს და დირექტორების შერჩევის კონკურსში დაბლოკილი კანდიდატების დისკრეციის წესით დანიშვნა მოითხოვეს . მაია ეკალაძე რამდენიმე დღე პროტესტის მიზნით სამინისტროსთან შიმშილობდა.

12 დეკემბერს მინისტრმა ამილახვარმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გამოცხადდებოდა კონკურსი იმ 1000-მ. დე სკოლაში, სადაც დირექტორების არ აურჩევიათ. მოგვიანებით ითქვა, რომ კონკურსი სავარაუდოდ იანვარი-თებერვალში გამოცხადდება, თუმცა კონკრეტული თარიღი ცნობილი ჯერ არ არის.