რა გეგმები აქვს „განათლების დამცველთა ასოციაციას“

პუბლიკა

დღეს, 12 იანვარს, განათლების საკითხებით დაინტერესებულ საზოგადოებას  „განათლების დამცველთა ასოციაციის“ დაფუძნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

ასოციაცია განათლების სამინისტროსთან გასულ თვეში მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა პედაგოგებმა დააფუძნეს.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ასოციაციის საქმიანობის მიზანი იქნება, რაც შეიძლება მეტი პედაგოგი გააერთიანოს თავიანთი უფლებების დაცვისთვის, რათა მათ ხმამაღლა ისაუბრონ სასკოლო პრობლემებზე და ერთად იზრუნონ სასკოლო გარემოს გაჯანსაღებაზე.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ასოციაციაში გაწევრება შეუძლია ყველას, ვისაც განათლების საკითხები აინტერესებს, თუმცა განსაკუთრებით მოქმედ პედაგოგებს მოუწოდეს, რომ თავიანთი და კოლეგების უფლებების დასაცავად ასოციაციას შეუერთდნენ.

„ჩვენი მიზანია, ჩვენი პროტესტი, რომელიც გასული თვის განმავლობაში სამინისტროსთან მიმდინარეობდა, გადავიდეს ორგანიზაციულ საქმიანობაში. როგორც დავინახეთ, ორი ადამიანის ხმასაც აქვს მნიშვნელობა. მინისტრმა გვითხრა, რომ დაინიშნება დირექტორთა ახალი კონკურსი; ეს გადაწყვეტილება სწორედ ამ პროტესტის მცირე შედეგი იყო, მაგრამ ჩვენ დღემდე არ ვიცით ზუსტი თარიღი, თუ როდის ჩატარდება არჩევნები, არც ის ვიცით, რა პირობებით გაიმართება; ასე რომ, ჩვენი ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ არ დასრულებულა.

ჩვენ გვჭირდება პასუხი, როცა 500-ზე მეტი ადამიანს შეუქმნეს პრობლემა, უსამართლოდ მოექცნენ და დანაშაული ჩაიდინეს, ეს როგორ გამოსწორდება? როგორ აპირებს ამის გამოსწორებას სამინისტრო, არ ვიცით, ამიტომ ახლა ამ საკითხებზე ორგანიზაციული მუშაობა, პედაგოგთა ერთიანი ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია“, – უთხრა „პუბლიკას“ პედაგოგმა მაია ეკალაძემ, რომელიც დირექტორთა კონკურსის მონაწილე იყო და გასულ თვეში პროტესტის მიზნით განათლების სამინისტროსთან შიმშილობდა.

დირექტორთა კონკურსის მონაწილეებმა, მაია ეკალაძემ და დავით ფერაძემ, დეკემბერში პერმანენტული საპროტესტო აქციები გამართეს განათლების სამინისტროსთან, სადაც დირექტორთა სერტიფიცირების შედეგები გააპროტესტეს და დირექტორების შერჩევის კონკურსში დაბლოკილი კანდიდატების დისკრეციის წესით დანიშვნა მოითხოვეს . მაია ეკალაძე რამდენიმე დღე პროტესტის მიზნით სამინისტროსთან შიმშილობდა.

12 დეკემბერს მინისტრმა ამილახვარმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გამოცხადდებოდა კონკურსი იმ 1000-მ. დე სკოლაში, სადაც დირექტორების არ აურჩევიათ. მოგვიანებით ითქვა, რომ კონკურსი სავარაუდოდ იანვარი-თებერვალში გამოცხადდება, თუმცა კონკრეტული თარიღი ცნობილი ჯერ არ არის.

პრეზენტაციაზე პედაგოგებმა აღნიშნეს,  რომ ახლა ორგანიზაციის მეშვეობით არა მხოლოდ დირექტორების კონკურსთან დაკავშირებული საკითხები იქნება მუშაობის თემა, არამედ ის უამრავი პრობლემა, რომელიც სასკოლო საზოგადოების წინაშე ყოველდღიურად მწვავედ დგას და რომელთა შესახებაც ხშირად პედაგოგები ხმამაღლა ვერ საუბრობენ.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ასოციაციის მუშაობის უახლოესი გეგმები ოთხშაბათსა და შაბათს სამინისტროსთან შეკრებას ისახავს მიზნად. კვირის განმავლობაში ასოციაციაში მიიღებენ პედაგოგების ონლაინშეტყობინებებს სასკოლო პრობლემების შესახებ, სამინისტროსთან შეკრებისას კი ამ პრობლემებს კიდევ ერთხელ გაახმაურებენ, რათა გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა მათი ხმა გაიგონონ და ქმედითი გადაწყვეტილებები მიიღონ.

„ეს არის ერთგვარი ფორმა პროტესტისა, რომ სკოლებში პრობლემები არსებობს და გადაწყვეტილების მიმღებებმა ამ პრობლემების მოგვარებაზე უნდა იზრუნონ. ეს შეხვედრები გაგრძელდება მანამ, სანამ არ დავინახავთ, რომ სამინისტრო რეალურად მუშაობს ამ პრობლემებზე, რეალურად აგვარებს მათ, მხოლოდ სიტყვით კი არა, საქმითაც.“

პრეზენტაციისას პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ სკოლიდან გათავისუფლების შიშის გამო პედაგოგთა ნაწილი ხმას ვერ იმაღლებს უსამართლობის წინააღმდეგ და თავიანთი  უფლებების დასაცავად. პედაგოგებს მოუწოდეს, რომ არ შეეშინდეთ, რადგან ასოციაციის მუშაობისთვის მოქმედი პედაგოგების  ჩართულობა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი იქნება.

„თუკი ორი ადამიანის ხმამ გამოიღო მცირე, მაგრამ მაინც გარკვეული შედეგი, 200, 2 ათასი პედაგოგის ხმას მეტი ძალა ექნება, უფრო სწრაფი რეაგირებისკენ უბიძგებს სამინისტროს. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ რასაც ვითხოვთ, ეს ისევ ჩვენი მოსწავლეებისთვის ვითხოვთ, როცა მასწავლებლების უფლებებზე ვლაპარაკობთ, ჩვენ ვლაპარაკობთ მოსწავლეების უფლებებზეც. თუ ჩვენ მასწავლებლები არ ვიცავთ ან ვერ ვიცავთ ჩვენს უფლებებს, გამოდის რომ მოსწავლეების უფლებებს არ ვიცავთ“,  – ამბობს მაია ეკალაძე

ასოციაციის დამფუძნებელი პედაგოგები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, მასწავლებლებს არ ეშინოდეთ ხმამაღლა ისაუბრონ სკოლაში არსებული პრობლემების შესახებ, მათ ყველა დასაქმებულ პედაგოგს, ასევე მასწავლებლობის მსურველს მოუწოდეს, ასოციაციას შეუერთდნენ და ერთობლივი მუშაობით დაიცვან თავიანთი და კოლეგების უფლებები.