ნაძალადევის 42-ე უბანზე ხმის მისაცემად მისულ მოქალაქეს ორი პირადობის მოწმობა აღმოაჩნდა. ინფორმაცია მომხდარზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა. პარტიაში თქვეს, რომ ხელისუფლება არჩევნებს გაყალბებული პირადობებით აყალბებს.
რა თქვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“?
თამარ კორძაიას თქმით, პირმა, რომელიც ნაძალადევის 42-ე უბანზე ხმის მისაცემად მივიდა, საარჩევნო უბანზე რეგისტრატორს მიაწოდა პირადობის მოწმობის ბარათი, სადაც ის ედუარდ ჯიქურის გვარზეა. რეგისტრატორმა პირადობის ნომერი სიაში იპოვა, თუმცა გვერდზე სხვა გვარი, მსტოიანი იყო მითითებული. ამის შემდეგ კი ამომრჩეველმა მეორე, მსტოიანის გვარზე გაცემული პირადობის ბარათით წარუდგინა რეგისტრატორს.
„ჩვენ გვაქვს ერთი ადამიანი ორი პირადობის მოწმობით, სადაც ემთხვევა სახელი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, ორივე მოქმედია. არ ემთხვევა გვარი და არ ემთხვევა სერია. ამით დასტურდება, რომ ხელისუფლება გაყალბებული პირადობების მოწმობებით აყალბებს არჩევნებს”, – ამბობს კორძაია.
იუსტიციის სამინისტროს განმარტება
იუსტიციის სამინისტრო მალევე გამოეხმაურა პარტიის ბრიფინგზე გაჟღერებულ ინფორმაციას და ენმ მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
სააგენტოს ინფორმაციით, მსტოიანმა გვარი შეიცვალა 22 ოქტომბერს, ცესკოს კი იუსტიციის სამინისტრომ ამომრჩეველთა ერთიანი სია 15 სექტემბრამდე მიაწოდა. შესაბამისად, ედუარდი სიაში შეტანილი იყო ძველი გვარით მსტოიანით.
სააგენტოს განმარტებით, ახალი პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების შემდეგ მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ძველი პირადობის მოწმობა გაუქმდა და ახლა მხოლოდ აღნიშნულ ამომრჩევლის ჯიქურის გვარზე გაცემული პირადობის მოწმობაა ვალიდური.
რატომ არ იყო ძველი პირადობა დაზიანებული
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა, სადაც პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბებაზე ენმ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
კითხვაზე – რატომ არ იყო დაზიანებული მსტოიანის ძველი, გაუქმებული პირადობის მოწმობა? – უპასუხა:
„მთავარი იურიდიული მოცემულობაა. პირადობის მოწმობა არის გაუქმებული და ვალიდურია ერთი პირადობა. თქვენც შეიძლება ჰქონდეთ ძველი პირადობის მოწმობა, რომელიც არ ჩააბარეთ, მაგრამ ის ავტომატურად გაუქმებულია. როცა პირს მოაქვს ძველი პირადობა, ვხვრეტთ და ვიტოვებთ, მაგრამ შეიძლება არ მოიტანოს ძველი პირადობა და მიზეზი იყოს ის, რომ დაკარგა, ან სხვა რამ. შეიძლება განაცხადოს, რომ ვერ აგნებს პირადობას ან დაკარგა. თუ არ წარმოადგინა გვარის შეცვლის დროს, ეს კანონდარღვევა ჩვენი, ან მოქალაქის მხრიდან არ არის“, – ამბობს თავმჯდომარე.