GDI: მედიას პარლამენტში მუშაობა და გამოხატვა ეზღუდება — საკონსტიტუციო სარჩელს განიხილავს

პუბლიკა

საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია, უკანონოდ იქნას ცნობილი პარლამენტის თავმჯდომაროს ბრძანება – 6 თებერვლის ბრძანების თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია, შეწყვიტოს ინტერვიუ, თუ ამაზე უარს იტყვის დეპუტატი, აპარატის თანამშრომელი ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირი.

ბრძანება GDI-მ გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით გაასაჩივრა.

დოკუმენტით პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის ახალი წესი განისაზღვრა.

თუ ჟურნალისტი ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნას არ დაემორჩილება, შესაძლოა, მას აკრედიტაციაც შეუჩერდეს.

GDI-ის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება ეწინააღმდეგება ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას.

„კერძოდ, ბრძანება პარლამენტს ანიჭებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას იმ ჟურნალისტების აკრედიტაციის შეზღუდვის გზით, რომელთა კითხვებიც შესაძლოა დისკომფორტს უქმნიდეს მმართველ პარტიას. ჟურნალისტებმა აკრედიტაციის შეჩერების შიშით შესაძლოა თავი აარიდონ მმართველი პარტიისთვის კრიტიკული კითხვების დასმას, რაც ხელს შეუშლის საზოგადოების ინფორმირებას ქვეყანაში აქტუალურ საკითხებზე”. – აცხადებს ორგანიზაცია.

გარდა ამისა, GDI-იმ გაასაჩივრა პარლამენტის თავმჯდომარის სხვა – 2023 წლის 4 სექტემბრის ბრძანება „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის შესახებ”.

დოკუმენტის თანახმად, პარლამენტის ვიზიტორს ეკრძალება საქართველოს პარლამენტის სასახლეში ტრანსპარანტის გამოფენა და საინფორმაციო მასალის დარიგება, აგრეთვე სადემონსტრაციოდ განკუთვნილი მასალის პლაკატის, ბანერის, წარწერისა და სხვა გაკვრა ან სხვაგვარად განთავსება.

გარდა ამისა, ბრძანების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის აპარატის ნებართვის გარეშე დაუშვებელია სადემონსტრაციოდ განკუთვნილი ნივთების, აგრეთვე ხმის გამაძლიერებელი და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობების შეტანა.

ამ აკრძალვების საფუძვლად საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წესების დაცვა სახელდება, მაგრამ, GDI-ის შეფასებით,  მიღებული წესები გაუმართლებლად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და აბრკოლებს მოქალაქეთა ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში.

GDI-ს შეფასებით, ორივე საქმეზე არსებითი განხილვის შემდეგ გასაჩივრებული ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი მათი აშკარად არაკონსტიტუციური ბუნების გათვალისწინებით.