GDI მოუწოდებს პროკურატურას, გაასაჯაროოს გვარამიას მოსამართლის ავტოავარიის საქმის მასალები

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) აცხადებს, რომ გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის მონაწილეობით ავტოავარიის გამოძიების მასალები უნდა გასაჯაროვდეს.

GDI მიმართავს პროკურატურას და იმ ავტოავარიის გამოძიების საქმის მასალების გადაცემას ითხოვს, რომელშიც საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეც მონაწილეობდა. პროკურატურის ინფორმაციით საქმეზე გამოძიება შეწყვეტილია. ორგანიზაციის განცხადებით, არ არსებობს მასალების, როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

„არსებობს მოსაზრება, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე მმართველი პოლიტიკური ძალის გავლენების ქვეშაა. ეს მოსაზრება 2015 წლის ავტოსაგზაო შემთხვევას ეფუძნება, რომლის ერთ-ერთი მონაწილე მოსამართლე ჩხიკვაძე იყო. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო რამდენიმე პირმა, ხოლო ერთი გარდაიცვალა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზების საფუძველზე ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე ბრალეული ქმედება არ გამოკვეთილა და, შესაბამისად, გამოძიება შეწყდა.

დღეს საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს და ამ პროცესში კრიტიკული მედიის მიმართ მიღებული მსგავსი გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან შემაფერხებელ ბერკეტად შეიძლება იქცეს. მოსამართლის მაღალი საჯარო სტატუსისა და საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი როლის გათვალისწინებით, მაღალია მისი წარსული საქმიანობის, მათ შორის მის წინააღმდეგ არსებული გამოძიების დეტალების მიმართ საჯარო ინტერესი. საზოგადოებას აქვს უფლება მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ არსებულ ყველა კითხვაზე ჰქონდეს პასუხი და ამის უპირველესი ინტერესი თავად მოსამართლეს და სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს.

GDI მოუწოდებს, საქართველოს პროკურატურას კანონით გათვალისწინებულ ვადაში გასცეს საქმის მასალები, როგორც საჯარო ინფორმაცია. გაითვალისწინოს მოსამართლის სტატუსი, მაღალი საჯარო ინტერესი და მასალების ღია ინფორმაციად მიჩნევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ ამ ინტერესს მიანიჭოს უპირატესობა“, – აცხადებს ორგანიზაცია.


პროკურატურის განცხადებით, 2015 წლის 22 იანვარს, თბილისში, გორგასლის ქუჩაზე ერთმანეთს 6 ავტომანქანა შეეჯახა, მათ შორის, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის. შემთხვევის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ადამიანი, დაიღუპა ერთ-ერთი დაზარალებული. პროკურატურის ცნობით, საქმეზე არავის ბრალეულობა არ გამოიკვეთა და გამოძიება შეწყდა.