ღარიბაშვილის ჰომოფობიური განცხადება „მაკდონალდსზე": ეს არის ამორალური და მიუღებელი კამპანია

პუბლიკა

„ეს არის ამორალური და მიუღებელი კამპანია” – ამგვარი ჰომოფობიური შეფასებით გამოეხმაურა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილმა McDonalds-საქართველოს კამპანიას, რომლის ფარგლებშიც საბავშვო საკვებ ყუთში „ჰეფი მილში“ ბავშვებს ელტონ ჯონზე ბროშურები ხვდებათ.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ ის განმარტებები, რაც „მაკდონალდს-საქართველოს” მხრიდან ამ ბროშურებთან დაკავშირებით გაკეთდა, არ არის საკმარისი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საზოგადოების რეაქცია ბროშურებზე და მაკდონალდსის კამპანიაზე იყო „მძაფრი და ადეკვატური”.

„რაც ჩვენ ვნახეთ, ბოლო დღეების განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესტორნის ქსელში, მაკდონალდსში მიმდინარეობდა ბავშვებში ეს [ლგბტ] პროპაგანდა, ეს არის ამორალური და მიუღებელი კამპანია. ჩვენ მოვისმინეთ განმარტებები,  მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მიუღებელია ის პასუხი, რომ თურმე ეს არის გლობალური კამპანიის ნაწილი და ამიტომ ჩვენთანაც უნდა მივიღოთ. ასე არ მოხდება. მე ვფიქრობ, მისასალმებელია ის, რომ საზოგადოების რეაქცია იყო საკმაოდ მძაფრი და ადეკვატური. ეს არის ჩემი პასუხი”, – უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა ისიც, რომ არ დაუშვებენ ძალადობას უმრავლესობაზე.

„მე მინდა გკითხოთ თქვენ, რამდენად მისაღებია ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში? დასავლეთის ქვეყნებში ლგბტ პროპაგანდა მიმდინარეობს აქტიურად. ყოველგვარი დისკრიმინაცია არის მიუღებელი, ამიტომ მივიღეთ კანონი. მე არაერთხელ მითქვამს, არ დავუშვებთ ძალადობას არც ერთ ჩვენ მოქალაქეზე, მათ შორის, არც უმცირესობის წარმომადგენლებზე, მაგრამ ასევე არ დავუშვებთ პროპგანდას და ძალადობას ჩვენს უმრავლესობაზე, ბავშვებზე და ასე შემდეგ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.