გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე 5 თებერვალს ბიძინა ივანიშვილი გამოიკითხება.
ამის შესახებ პროკურორმა მიხეილ სადრაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე თქვა.
საქმეში ივანიშვილს დაზარალებულის სტატუსი აქვს.
პროკურორმა ასევე მოითხოვა ივანიშვილის დისტანციურად გამოკითხვა – მიზეზად სადრაძემ ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სხდომის ხანგრძლივი ვადით მიმდინარეობა დაასახელა.
IPN-ის ცნობით, სადრაძემ მიზეზად დაასახელა ბიძინა ივანიშვილის ასაკიც.
გიორგი ბაჩიაშვილის დაცვის მხარე არ დაეთანხმა ივანიშვილის დისტანციურად დაკითხვის მოთხოვნას. ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა სადრაძეს ჰკითხა, რა ადგილიდან უნდა დაიკითხოს ივანიშვილი დისტანციურად, ვინაიდან ამის დაკონკრეტებას კანონი ითხოვს.
პასუხად სადრაძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი სოლოლაკიდან დაიკითხება, ვინაიდან სწორედ ეს მისამართია მითითებული გამოძიების ოქმში.
ლევან მახარაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი გამოძიების ეტაპზე გამოკითხვაში 5 საათზე მეტი დროით იღებდა მონაწილეობას, თან ისე, რომ მას შესვენებაც არ მოუთხოვია. ადვოკატისვე განცხადებით, დაუსაბუთებელია პოზიცია, რომ ასაკის გამო ის ვერ შეძლებდა გამოცხადებას.
თუმცა, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია პროცესზე მისვლა, მაგრამ ამას ვერ ბედავს. დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ ბაჩიაშვილმა თქვა, რომ უკვე გადაწყვეტილია, რომ ივანიშვილის ჩვენება დახურულ რეჟიმში წარიმართება.
„როგორც დაახლოებით ერთი წლის წინ განვაცხადე, ბიძინა ივანიშვილი ვერ გაბედავს – მეთქი, თავისი სიმართლის დასადგენად აქ გამოცხადებას, ისე როგორც ვერ გაბედა სინგაპურში გამოცხადება, ახდა.
დაზარალებულმა მხარემ, ასაკის გამო ბიძინა ივანიშვილის დისტანციურად დასწრება მოითხოვა, რადგან დიდი ხლის განმავლობაში კითხვებზე-პასუხის გაცემა მოუწევდა. ადამიანს, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ქვეყანას უნდა მართავდეს, არ შეუძლია ასაკის გამო, სასამართლოში გამოცხადდეს. მას აკისრია ძალიან დიდი პასუხისმგებლობა საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ამიტომ კეთილი უნდა ენება და უნდა მოსულიყო სასამართლოზე, რა თქმა უნდა, ეს სასამართლოც და პროკურორიც მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ემსახურება და ყველანაირი ნორმის დარღვევით ის დისტანციურად დაიკითხება.
ანუ ის საქართველოში იმყოფება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არანაირი ცნობა არ იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, მას შეუძლია აქ მოსვლა, თუმცა მისი სურვილია, რომ ამ პასუხისმგებლობას გაექცეს”. – თქვა ბაჩიაშვილმა.