გიორგი ჭიღლაძეს, რომელიც თელავის ერთ-ერთ სასტუმროში რუსეთის მოქალაქე ტურისტის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ჭიღლაძე დარბაზიდან გათავისუფლდა.
აღკვეთის ღონისძიებაზე თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, თამარ კაპანაძემ იმსჯელა.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვდა 5000-ლარიან გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭიღლაძე გირაოს გადახდამდე იზოლატორში უნდა დარჩენილიყო.
პროკურორის თქმით, დაზარალებულს ცხვირი გაუტყდა და ტვინის შერყევა აქვს.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ჭიღლაძემ პროცესზე თქვა: „ამ ჩადენილ დანაშაულს ვნანობ, რაც მოხდა… ჩემი მიზანი არ ყოფილა ეს ასე დასრულებულიყო… ამის თქმა მინდა”.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გირაოს უზრუნველსაყოფად პატიმრობა არ გამოიყენა.
გათავისუფლების შემდეგ გიორგი ჭიღლაძემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
ჭიღლაძის ადვოკატმა ლაშა კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გირაოს გადახდის მზაობა სასტუმრომ გამოთქვა.
„დიდი ალბათობით სასტუმრო გადაიხდის“, – თქვა ადვოკატმა.
ლაშა კაპანაძის თქმით, გიორგი ჭიღლაძე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის ქართველ ხალხს და მედიას.
საქმის პროკურორის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება და თითოეულ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება – ასე უპასუხა მან შეკითხვებს სითხის გადმოსხმასთან და გიორგი ჭიღლაძის დაზიანებებთან დაკავშირებით.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 თვეში გაიმართება.
19 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს გიორგი ჭიღლაძე.
დაკავებას წინ უძღოდა კონფლიქტის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელება სოციალურ ქსელებში. ვიდეოში ჩანს, რომ ჭიღლაძე სასტუმროს ნომერში მყოფ რუს ქალს ეკამათება, შემდეგ კი სახეში ხელს ურტყამს. ვიდეო რუსეთის მოქალაქეებმა გაავრცელეს და კონფლიქტის დაწყების მიზეზად მათ მიერ რუსულად ლაპარაკი დაასახელეს.
კონფლიქტის დაწყების მიზეზად რუსულ საუბარს უარყოფს დაცვის მხარე. ადვოკატი ამბობს, რომ კონფლიქტის მიზეზი ქალების პროვოკაციული საქციელი – შეურაცხმყოფელი კომენტარები და სითხის გადმოსხმა – გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა:
„მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს.“
გიორგი ჭიღლაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს.
ბრალდებულის ადვოკატის, ლაშა კაპანაძის თქმით, ქალმა ყელის არეში დაზიანება თავად ჭიღლაძესაც მიაყენა.
„გიორგი ჭიღლაძე რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული“, – თქვა ადვოკატმა.
ქორწილში მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი რუსი ქალი, ალიონა ნესტერიუკი სითხის განზრახ გადასხმას და სიტყვიერ შეურაცხყოფას უარყოფს.
სასტუმრო „აგარანის მამულის“ განცხადებით, სტუმრებს და ქორწილის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებას წინ უძღოდა მუსიკალურ აპარატურაზე სითხის გადმოსხმა.
მათი მტკიცებით, ინციდენტის დაფიქსირებისთანავე სასტუმრო საქმეში ჩაერთო და კონფლიქტის განეიტრალებას შეეცადა – სასტუმროს თანამშრომლები ავიდნენ სტუმრებთან და ვითარების განმუხტვას ცდილობდნენ. მათვე ქორწილის მონაწილეებს აცნობეს, რომ გეგმავდნენ სტუმრების სხვა ნომერში გადაყვანას.
სასტუმრო წერს, რომ ეძებდნენ ალტერნატიულ ნომერს და გეგმავდნენ სხვა სასტუმროში გადაყვანასაც, შემდეგ კი პოლიცია გამოიძახეს – ფიზიკური დაპირისპირების დაწყებამდე.
ადვოკატ ლაშა კაპანაძის თქმით, სასტუმრომ პოლიცია გამოიძახა „როდესაც უკვე ყველაფერი დასრულდა“.
სასტუმროს განცხადების მიხედვით, პოლიცია სასტუმროში მაშინ მივიდა, როცა ყველაფერი უკვე მომხდარი იყო.