გირჩევთ დაინტერესდეთ, რა იყო საფუძველი, რატომ გაახსენდა მესამე დღეს – მდინარაძე იზა ჩირგაძეზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ქუთაისის 90-ე უბნის კომისიის წევრის, იზა ჩირგაძის საქმეზე აცხადებს, რომ ჩირგაძე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. მან ურჩია მედიას, დაინტერესდეს, რატომ გადაწყვიტა მან, მდინარაძის თქმით, სამი დღის შემდეგ ამ ინფორმაციის გასაჯაროება.

„ათამდე ჩვენს წარმომადგენელს გადავუხადე მადლობა, რომლებმაც დაშინებისა და გარკვეული სოლიდური შეთავაზებების მიუხედავად, უარი თქვეს გუნდისთვის რაღაცის დაბრალებაზე.

მე არ ვიცი, ამ შემთხვევაში რა იყო საფუძველი იმ არასწორი ინფორმაციის გავრცელების. პირდაპირ გეტყვით და ამაზეც პასუხს ვაგებთ ყველანი… არასწორი ინფორმაციის, რაც ამ ადამიანის მხრიდან მოხდა… და რატომ იყო არასწორი ინფორმაცია გავრცელებული, ეს დამატებით ინფორმაციის მოძიების საგანია და თქვენც გირჩევთ კარგად… რა იყო საფუძველი, რატომ გაახსენდა მესამე დღეს და რატომ მოხდა ისე, რომ მესამე დღეს რაღაც ისეთი თქვა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ასეთი თუ ხდებოდა, ვიღაცა ასეთ რამეს თუ ეუბნებოდა ამ ერთეულ შემთხვევაში, ასეთი საოცრება ხდებოდა, იმავე დღეს რატომ არ მოხდა ამის გახმოვანება, გაპროტესტება და ა.შ. მე ვფიქრობ, აქ ყველაფერი გამოაშკარავდება.

მე მაქვს ინფორმაცია სხვებზე. მასზე მართლა არ მაქვს. სხვებზე, რომ გარკვეული შეთავაზება იყო. ჩვენი თხოვნის მიუხედავად, ეს ადამიანები ძალიან ერიდებიან ამაზე საუბარს იმიტომ, რომ ზოგს ბიძაშვილი შუამავლობდა, ზოგს – მეგობარი და ა.შ. გარკვეული სოლიდური შეთავაზებები არსებობდა, რომ ჩვენს წარმომადგენლებს ეთქვათ, თითქოს, მისმა გუნდმა რაღაც უკანონო დაავალა. მადლობა მათ, რომ ეს არ იკადრეს“, – განაცხადა მდინარაძემ.


1 ნოემბერს ქუთაისში ენმ-ის ოფისში ხატია დეკანოიძემ საუბნო კომისიის წევრთან ერთად ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე ქუთაისის 90-ე კომისიის წევრმა, იზა ჩირგაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი აიძულებდა უბანზე ხმის უფლება მიეცა პირისთვის, რომელსაც სხვა პირადობა ჰქონდა. მისი თქმით, მან არ შეასრულა დავალება, რის გამოც დაემუქრნენ.

„მაძალებდა ქალბატონი ინგა, „ოცნების“ წარმომადგენელი. დამირეკა – ვინც შემოვა, გაატარეო. არცერთი არ გავატარე, ორი შემთხვევა იყო ასეთი – სხვა ადამიანი სხვა პირადობით შემოდიოდა და ყველა უკან გავუშვი. ყველაფერი წესის მიხედვით გავაკეთე. არაფერი დამიშავებია“, – განაცხადა 90-ე უბნის კომისიის წევრმა, იზა ჩირგაძემ.

იზა ჩირგაძეს 1 ნოემბრის საღამოდან ვეღარ უკავშირდებოდნენ ენმ-ის წარმომადგენლები.

განცხადება ასევე გაავრცელა „სამართლიანმა არჩევნებმა”. ისინი იზა ჩირგაძეს სამართლებრივ დახმარებასთან დაკავშირებით უნდა შეხვედროდნენ, თუმცა, 2 ნოემბრის დილიდან მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ.