პარტია „გირჩის“ ოფისში პრესკონფერენციაზე „გირჩის“ პარტიისა და სამეფოს „თავკაცი“, საარჩევნო კამპანიის მენეჯერი და თბილისის ადგილობრივი არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინეს.
დედაქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ჯერჯერობით, ცნობილია სიის ორი ნომერი – ჰერმან საბო და ოთარ ზაკალაშვილი. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ზაკალაშვილი იქნება კამპანიის მენეჯერიც.
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, პარტიის დანარჩენი სია პრაიმერისის საფუძველზე შედგება. პრაიმერისი ივლისი-აგვისტოს პერიოდში გაიმართება და მასში „გირჩის“ წევრები და მხარდამჭერები მიიღებენ მონაწილეობას.
„ამ ეტაპზე არ ვაპირებთ არც მაჟორიტარების და არც მერობის კანდიდატების დაყენებას. ჩვენთვის ეს არჩევნები არის საპარლამენტო არჩევნები. ჩემი, სანდროს და იაგოს ლეგიტიმაციის არჩევნები და ბუნებრივია, გვინდა, ამ არჩევნებზე მივაღწიოთ წარმატებას, გავიმეოროთ შედეგი, რომელიც გვქონდა, რათა ჩვენ, პარლამენტარებს, გვქონდეს განცდა, რომ იქ ლეგიტიმურად ვსხედვართ ან მზად ვიყოთ, რომ 2022 წელს უკეთესი შედეგი მივიღოთ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
ჰერმან საბოს განცხადებით, არჩევნებს ორი ფუნქცია აქვს შესასრულებელი – „გირჩის“ შენარჩუნებისა და პროგრესის ფუნქცია.
„ძალიან არასასიამოვნოა ჩემთვის, პირადად, როდესაც გარშემომყოფები მეუბნებიან, რომ ის ადგილები, რომლებიც პარლამენტში გვაქვს, არის მხოლოდ ჯაფარას რეიტინგით ან თქვენ არ გეკუთვნოდათ და ა.შ.
ბოლო კვლევები გვიჩვენებს, რომ ეს ასე არ არის. პროგრესი სახეზეა. რეიტინგი არ დაგვიკარგავს, მაგრამ იმისთვის, რომ მყარად შეგვეძლოს საუბარი ამომრჩევლის სახელით, გვჭირდება თვითმმართველობის არჩევნები“, – განაცხადა საბომ.
შეკითხვაზე, როგორი იქნება „გირჩის“ საარჩევნო კამპანია, ჰერმან საბო აცხადებს, რომ იყო განცდა, თითქოს „გირჩის“ მთავარი კრეატივი იყო ზურა ჯაფარიძე, გოგა ხაჩიძე და ის ნაწილი, რომელიც საზოგადოებისთვის ნაცნობ „უცნაურ ვიდეოებს“ დებდნენ წინასაარჩევნოდ. საბო პირად პასუხისმგებლობად იღებს, „მეტი თუ არა, ნაკლები კამპანია“ არ შესთავაზოს ამომრჩეველს.
ოთარ ზაკალაშვილის განცხადებით, დღეიდან „გირჩის“ კამპანია აქტიურ ფაზაში გადადის. მისი თქმით, „ქართული დოლარი“ („გირჩის“ ციფრული ვალუტა) გახდება კრიპტოვალუტა, რაც საშუალებას შექმნის, გავიდნენ გლობალურ ბაზარზე და „მისწვდნენ სხვა ქვეყნების ლიბერტარიანელებს“.
მან ასევე განმარტა, რომ პრაიმერისი ახალი ალგორითმით გაიმართება. პრაიმერისის დროს „გირჩის“ ჯედები დაიხარჯება „მაქსიმალური ეფექტურობით, რაც საშუალებას შექმნის, რომ პრაიმერისს ამომრჩეველმა სერიოზულად შეხედოს“.
რაც შეეხება სამუშაო თემებს, ზაკალაშვილის თქმით, ეს იქნება კანაფის საკითხი.
„სიურპრიზია, მაგრამ ამ მიმართულებით ვგეგმავთ სერიოზული ნაბიჯების გადადგმას. უფრო მნიშვნელოვანი ამბავი არის პრივატიზაციის ამბავი. სახელმწიფო ქონება რაც არის, გვინდა, მოქალაქეებს დაურიგდეს თანაბრად“, – განაცხადა ოთო ზაკალაშვილმა.
ჰერმან საბოს თქმით, „გირჩის“ იდეები გულისხმობს დეცენტრალიზაციას – არჩევითი პოლიციელის, მოსამართლის, მიწის პრივატიზების ნაწილში.