„გისოსებს მიღმა ვარ და ჩემი სიცოცხლე პუტინის ხელშია, მაგრამ ვიბრძოლებ" - იაშინი

პუბლიკა

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ილია იაშინის ტელეგრამ-არხზე ალექსეი ნავალნის სიკვდილს შესახებ განცხადება გამოქვეყნდა – იაშინი წერილში აღნიშნავს, რომ ეჭვგარეშეა, ნავალნი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით მოკლეს.

„ჩემთვის კითხვა შემდეგია – ვინ მოკლა ის? ეჭვიც არ მეპარება, რომ პუტინმა. ის ომის დამნაშავეა, ნავალნი მისი მთავარი ოპონენტი იყო რუსეთში და კრემლის სიძულვილის მთავარი წყარო. პუტინს ჰქონდა მოტივიც და შესაძლებლობაც. მე დარწმუნებული ვარ, რომ მან შეუკვეთა მისი მოკვლა”, – წერია იაშინის ტელეგრამ-არხზე.

იაშინი საუბრობს რუსეთის პროპაგანდაზეც, რომელიც საზოგადოების აზრის მანიპულირებას შეეცდება და მოუწოდებს მოქალაქეებს, ეს „აბსურდი” არ დაიჯერონ.

„მე ვიცი, როგორ შეეცდება სახელმწიფო პროპაგანდა საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას: ისინი იტყვიან, რომ ნავალნის სიკვდილი არ იყო მომგებიანი პრეზიდენტისთვის, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მისი მოკვლა არ არის ლოგიკური და პუტინი ახლა კონცენტრირებულია გლობალურ პოლიტიკაზე, არ აქვს დრო, ვიღაც პატიმარზე იფიქროს. სრული აბსურდია, დასაწყისშივე უარყავით ის”, – აღნიშნავს ის.

რუსი ოპოზიციონერი წერს იმასაც, რომ მას, როგორც ვლადიმერ პუტინის კიდევ ერთ მოწინააღმდეგეს, თავის თავთან დაკავშირებით რისკები გააზრებული აქვს.

„მე გისოსებს მიღმა ვარ, ჩემი სიცოცხლე პუტინის ხელშია და საფრთხეშია. მაგრამ მე გავაგრძელებ ჩემს ხაზს.

2015 წლის თებერვალში ბორის ნემცოვის ცხედართან მდგარმა, საკუთარ თავს შევფიცე, რომ არ შემეშინდებოდა, არ დავნებდებოდი და არ გავიქცეოდი. 9 წლის შემდეგ, ალექსეის გლოვის დროს, ამ ფიცს გავიმეორებ.

სანამ გული მიცემს, ვიბრძოლებ ტირანიის წინააღმდეგ. სანამ ვცოცხლობ, ბოროტების არ შემეშინდება. სანამ ვსუნთქავ, ჩემს ხალხთან ერთად ვიქნები”, – წერია მის განცხადებაში.

ილია იაშინი ვლადიმერ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის პრეზიდენტს. 2022 წლის დეკემბერში ილია იაშინს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას რუსეთის არმიის შესახებ „ცრუ“ ინფორმაციის გავრცელებას ედავებოდნენ.

ალექსეი ნავალნის სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია. ის 16 თებერვალს ციხეში გარდაიცვალა.

რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების განცხადებით, ალექსეი ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და, ფაქტობრივად, მაშინვე დაკარგა გონება“.

ამ ვერსიის არ სჯერა ოჯახს, მათი თქმით, ნავალნი არის მოკლული და ეს იყო „აშკარა მკვლელობა“.

როგორც 19 თებერვალს ალექსეი ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშიმ განაცხადა, ნავალნის დედა და ადვოკატი ქალაქ სალეხარდის მორგში ნავალნის ცხედრის სანახავად არ შეუშვეს. იარმიში წერს, რომ ადვოკატი მორგიდან გამოაგდეს.

„ნოვაია გაზეტა ევროპას“ ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის ცხედარი სალეხარდის რაიონული კლინიკური საავადმყოფოს მორგშია. გამოცემას ანონიმური წყარო, სალეხარდის სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომელი ეუბნება, რომ „მას უთხრეს, რომ ნავალნის სხეულზე აღმოჩენილია სისხლჩაქცევები, თავზე და მკერდზე.

წყარო ამბობს, რომ, როგორც წესი, სხვა შემთხვევებში, ციხეში გარდაცვლილი პატიმრების ცხედრები გლაზკოვას ქუჩაზე მდებარე სასამართლო მედიცინის ბიუროში გადაჰყავთ, მაგრამ „ამ შემთხვევაში ნავალნი რატომღაც კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს”.

წყაროს თქმით, ნავალნი სავარაუდოდ გულის გაჩერებით არის გარდაცვლილი, „მაგრამ არავინ საუბრობს იმაზე, რატომ გაუჩერდა გული”.