გოგოლაშვილი: შესაძლებელია თუ არა, ჩამოგვერთვას EU-ის წევრობის კანდიტატის სტატუსი?

პუბლიკა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი, კახა გოგოლაშვილის წერს, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში შესაძლოა, ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ჩამოერთვას.

გოგოლაშვილის თქმით, „მართალია ეს უკიდურესი ზომაა, მაგრამ არ ღირს ასეთი შესაძლებლობის გამორიცხვა“.

კახა გოგოლაშვილი მიუთითებს, რომ „საქართველო, რომელსაც კანდიდატის სტატუსი გარკვეული პირობებით (9 ნაბიჯი) მიეცა, ამ პირობების შეუსრულებლობისა და რეფორმების უკუსვლის შემთხვევაში, შესაძლოა, გახდეს ევროკავშირის მხრიდან უპრეცედენტო გადაწყვეტილების პირველი მსხვერპლი, კერძოდ კი ჩამოერთვას კანდიდატის სტატუსი”. 

მიიღებენ თუ არა მსგავს გადაწყვეტილებას, მისი თქმით, დამოკიდებულია „იმაზე, როგორ პოლიტიკურ ნებას გამოავლენს ევროკომისია და ევროკავშირის წევრი ქვეყნები.

მისივე თქმით, მსგავსი „რევერსისთვის” გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია 27 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ 14 წევრის მხარდაჭერა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა, ასეთ შესაძლებლობას იძლევა ევროკავშირის გაფართოების შესახებ ახალი მეთოდოლოგია, რომელიც 2020 წელს დამტკიცებულ ევროკომისიის კომუნიკაციაში აისახა. კერძოდ, კომუნიკაცია ბალკანეთის ქვეყნების გაწევრების პროცესს ეხება და დეტალურად აღწერს როგორც რეფორმებში დაწინაურებული ქვეყნების წახალისებას (დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა, ან სხვა სახის შესაძებლობები), ასევე, იმ ქვეყნების „დასჯას“, რომლებიც სისტემურ უკუსვლას განიცდიან, განსაკუთრებით ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული განვითარების საქმეში.

როგორ შეიძლება „დაისაჯოს” ქვეყანა? – კომუნიკაცია პირდაპირ სთავაზობს, რომ უბრალო უმრავლესობით კენჭისყრის საფუძველზე ასეთ ქვეყანას დაუწესდეს სანქციები – შეუმცირდეს დახმარება, შეჩერდეს მასთან მიმდინარე მოლაპარაკებები ან, მძიმე შემთხვევაში, სრულიად გაუქმდეს ის. ამ დრომდე მოლაპარაკებების გაუქმების პრეცედენტს ადგილი არ ჰქონია. მაგალითად, თურქეთთან მოლაპარაკებები შეჩერებულია 2015 წლიდან, მაგრამ არა გაუქმებული“. – წერს კახა გოგოლაშვილი.

მკვლევარი ხაზს უსვამს, რომ ეს ცვლილება უდავოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას კანდიდატის სტატუსის „გაუქმების“ მიზნითაც. მისი თქმით, მართალია, ასეთი რამ დაკონკრეტებული არ არის, პოლიტიკური ნება ყველაფერს გადაწყვეტს.

„ვიმეორებ, რომ ეს თეორიული შესაძლებლობაა, მაგრამ შედეგი სრულად არის დამოკიდებული იმაზე, როგორ პოლიტიკურ ნებას გამოავლენს ევროკომისია და ევროკავშირის წევრი ქვეყნები. საჭიროა, ასევე ვიცოდეთ, რომ ასეთი „რევერსისთვის“ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია 27 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ 14 წევრის მიერ მხარდაჭერა,, ანუ უბრალო უმრავლესობა“, – წერს კახა გოგოლაშვილი.

„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.