გოლეთიანი: „ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ შედგა - ხვალ, 12 საათამდე გაავრცელებენ ოფიციალურ განცხადებას“

პუბლიკა

„რადგან არ დაკმაყოფილდა მათგან ეს პირობები და ჩვენ ვუთხარით მკაფიოდ, რომ აუცილებელია გადავიდეთ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში და შესრულდეს ყველა ეს პირობა, ამ ეტაპზე, შეთანხმება არ იქნა მიღწეული და თქვეს, რომ ხვალ 12 საათამდე გავრცელდება ოფიციალური განცხადება, თუ რა გადაწყვეტილება მიიღეს – ველოდებით ხვალ, თორმეტ საათამდე პასუხს“, – ამის შესახებ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები ხვალ 12 საათამდე ისევ გაივლიან აქტივისტების პირობებთან დაკავშირებულ საკითხებს და ამის შემდეგ გახდება მათი პასუხი ცნობილი.

„ჩვენთან დღეს კონტაქტზე გამოვიდა ბ-ნ ლერი ბარნაბიშვილი, პრემიერის რწმუნებული. იყო მცდელობა ჩვენი დაყენებული პირობების შესრულების, მათი მხრიდან, სანახევროდ. ითქვა, რომ ნაწილობრივ აიღებენ ისევ ამ ბარიკადებს იმ თვალსაზრისით, რომ მოგვეცემა გადაადგილების საშუალება შეზღუდული რაოდენობით ადამიანებს. აქ იყო საუბარი 30-40 ადამიანზე“, – ამბობს გოლეთიანი.

ვარლამის განცხადებით, ხელისუფლება ამბობს, რომ სამუშაო პროცესი რიონის ხეობაში, გაგრძელდება. სამუშაო პროცესის გაგრძელებაში კი, გოლეთიანის თქმით, ისინი გზის მშენებლობის გაგრძელებას გულისხმობენ, რასაც აქტივისტები ეწინააღმდეგებიან.

„სამუშაო პროცესი გაგრძელდება ჩვეულებრივად. ანუ სამუშაო პროცესს არ ეხებოდა, ვგულისხმობ, უშუალოდ გზის მშენებლობაზე აქვთ მათ აქცენტი გაკეთებული. თუმცა ჩვენთვის ეს ერთიანი პროცესია. ბუნებრივია, ახლა ყველამ ვიცით, რომ გზა შენდება იქ იმიტომ, რომ ჰესი უნდა აშენდეს და გზა რომელიც არსებობს, ტბორავს არსებულ გზას. ამიტომ სხვა ნიშნულზე უნდა გადაიწიოს გზამ. ჩვენ როცა შევხვდით მათ მუნიციპალიტეტის შენობაში, შევთანხმდით იმაზე, რომ ჰიპოტეტურად თუ განვიხილავთ, რომ ჰესი შესაძლოა არ აშენდეს, ბუნებრივია, გზის მშენებლობაც ამ შემთხვევაშიც საჭირო აღარ არის.

გამომდინარე აქედან, თუკი დავაყენებთ საკითხს ისე, რომ აშენდება ჰესი და შესაბამისად, აშენდება გზა, ახლა დაყენებული საკითხი ისე, რომ გზის მშენებლობა ჩვეულებრივ გაგრძელდეს უბრალოდ ლოგიკური არ არის და ჩვენ ამ პირობებს ცხადია ვერ დავთანხმდებოდით ამ ფორმით“, – ამბობს გოლეთიანი.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, რიონის ხეობის მცველებს აქვთ მოლოდინი, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, რომ მიმდინარე პროცესები კონსტრუქციულ დიალოგში გადაიყვანოს:

„ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, გადაიყვანოს ეს პროცესები კონსტრუქციულ დიალოგში. კიდევ ერთხელ, ამ ტრიბუნიდანაც მოვუწოდებთ მათ ამისკენ – არანაირი პრობლემა საამისოდ არ არის. ის პირობები, რაც ჩვენ დავაყენეთ, არ არის რთულად შესასრულებელი. ეს არის უბრალოდ, რომ ჩვენი ფუნდამენტალური უფლებები იყოს დაცული“, – ამბობს რიონის ხეობის მცველი.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა იქნება სამოქმედო გეგმა იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლებისგან პირობების შესრულებაზე უარყოფით პასუხს მიიღებენ, გოლეთიანი პასუხობს:

„ჩვენ დაველოდებით მათი მხრიდან ზუსტ ფორმულირებას, რას გვეტყვიან და წინასწარ ამ ნაწილში არ გავაკეთებთ განცხადებას. ჩვენ უბრალოდ, ზოგადად გაცხადებული გვაქვს ჩვენი პოზიცია, რომ გავაგრძელებთ ფართომასშტაბიანი გზით პროტესტს. მაგრამ, დაველოდებით ზუსტ ფორმულირებას – თუ რა ნაბიჯი გადაიდგმება მათი მხრიდან“, – აღნიშნავს გოლეთიანი.


ქუთაისში ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 15 აპრილს გაიმართა. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ კონსტრუქციული დიალოგი შედგა, თუმცა შეხვედრაზე არ უსაუბრიათ თავად ჰესის მშენებლობაზე და მათ წამოაყენეს სამი პირობა იმისთვის, რომ დიალოგის გაგრძელება იყოს შესაძლებელი.

„შეწყდეს რეპრესიული პოლიტიკა, რაც ხეობაშია და გამოლაგდნენ იქიდან პოლიციელები, აიღონ ის რკინის ფარდა, რომელიც იქაა. შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები დაჩვენ დავბრუნდეთ პროტესტის ადგილას ნამოხვანში. კარვები, რომლებიც დაგვირბიეს, აუცილებლად უნდა დაგვიბრუნონ იქ“, – აღნიშნა გოლეთიანმა.