პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელი და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადადგომას მოითხოვს.
„გუშინდელი სამარცხვინო დღის და გატაცებულ თანხასთან დაკავშირებით ამაზრზენი განცხადების მერე შს მინისტრი გომელაური დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს, “- წერს ელისაშვილი.
მან ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულასთანაც“ ისაუბრა. მისი თქმით, მინისტრი გუშინდელი დღის შემედეგ თვითონ უნდა გადამდგარიყო.
21 ოქტომბერს, დღის სამ საათზე, ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელი შეიჭრა, მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი მოითხოვა მათი გათავისუფლების სანაცვლოდ. თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა, ბოლოს კი შენობა ხელყუმბარით ხელში, ორ მძევალსა და პოლიციის უფროსთან ერთად დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ გაავრცელა განცხადება, რომ ყველა მძევალი თავისუფალია და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
„სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დასაკავებლად“, – ამბობენ შსს-ში.