აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ბესელიამ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოსტი 4 აპრილს დატოვა. ის ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ არის დასანქცირებული – ბესელია სანქციების იმ პაკეტში მოხვდა, რომელიც ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა იმ პირებს დაუწესეს, ვინც „ცრუ ჩვენება მისცა ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე და ხელი შეუწყო მის უკანონო დაკავებას“.
ბესელია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. ის სასამართლოში 28 აპრილს გამოიკითხა. მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, რადგან ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა. პოლიციელები, რომლებიც მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ გამოიკითხნენ, ამბობენ, რომ დგებუაძეს შედეგად მარჯვენა ლოყა და ყური გაუწითლდა.