კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შესახებ და „ოცნებასთან“ მოლაპარაკებების პერსპექტივაზე პარტია „გირჩის“ ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ბუნდოვანია, რამ გამოიწვია გუშინ ირაკლი კობახიძის განცხადება და შემდგომ დანიელსონის რეაქცია. მისი თქმით, ის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნა, რომ გუშინ გამართულ შეხვედრაზე განხილული საკითხები ბევრად მისაღები იყო და დღევანდელ შეხვედრაზე გავლილი თემებით უკმაყოფილოა. მისი თქმით, ჩანს რომ გუშინ „ოცნებასთან“ დანიელსონის შეხვედრის შემდეგ მთელი რიგი საკითხები დაკორექტირდა.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ დანიელსონი შეთანხმების მიღწევამდე საქართველოში რჩება, აჩენს იმედს, რომ შეთანხმება შედგება და ამ მოლაპარაკებების პერსპექტივა დადებითია.
„პირდაპირ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ გუშინ გამართულ შეხვედრაზე განხილული საკითხები ბევრად მისაღები იყო, ვიდრე დღევანდელ შეხვედრაზე გავლილი თემები, ანუ რაღაც შეიცვალა, დაკორექტირდა. არ შემიძლია ვთქვა, რა ნაწილში არ მომეწონა. მაგალითად, გუშინ ჩვენ თუ ფიზიკურად მზად ვიქნებოდით იმ დოკუმენტზე ხელი მოგვეწერა და შევსულიყავით პარლამენტში, დღეს ასე აღარაა. გუშინდელი დოკუმენტი ისე მომეწონა, მოულოდნელიც იყო და ასევე იყო ერთი საკითხი, რომელიც ასევე მოულოდნელი იყო და ასევე ძალიან მომეწონა. დღეს უკვე ყველა ამ ნაწილზე იყო უკან დახევა. არ ვიცი, რას მოჰყვა ეს. დღეს ცუდი განცდით ვარ გუშინდელთან შედარებით. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მართლა არ ვიცით „ოცნების“ პოზიცია. ის, თუ რამ გამოიწვია ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ოპოზიცია რჩება ქუჩაში და ჩვენ სავსე ჩანთით მივდივართ ბრიუსელში, არ ვიცი, რამ გამოიწვია. ვიკითხე შეხვედრაზე და პასუხი ვერ მივიღე“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
მისი თქმით, დანიელსონი შეხვედრებზე უსმენს მხარეებს და შემდეგ სთავაზობს მათ ყველაზე რეალისტურ გამოსავლებს.
„თუ ამ ადამიანმა მოახერხა და დარჩენილ ვადაში ეს ადამიანები დააახლოვა, ალბათ ძეგლი უნდა დავუდგათ, რომ წავა. თუ შეთანხმება ვერ მოხდა, მაშინ „ქართული ოცნება“ გუშინ იმუქრებოდა, რომ საჯაროდ გამოვა ყველაფერიო. ეს უსაფუძვლო დამუქრება არაა. ვინც ამ მოლაპარაკებას ჩაშლის, ფაქტობრივად, დანიელსონის აზრით, ეს რუსული თამაშია და ევროპა გვეხმარება, რომ ამ ამბავს თავი ავარიდოთ და ჩამშლელი სერიოზული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება და მოუწევს არგუმენტების მოტანა, როგორ გაიმართლებს თავს. არავის არ უნდა, რომ დაბრალდეს ჩამშლელობა და ყველა ეძებს, რომ ვის დაბრალდეს ჩამშლელობა და ეს არის თამაშის მთელი შინაარსი“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.