გუშინ სააკაშვილის განცხადებიდან 1 საათში მან ისევ გააგრძელა მკურნალობა - ღარიბაშვილი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება მედიკამენტებსა და კონსილიუმთან თანამშრომლობაზე უარის თქმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

„ჩვენთვის ბევრი რამ არის ცნობილი, უბრალოდ, არ ვლაპარაკობთ საჯაროდ. ჩვენ არაერთი დეზინფორმაცია მოვისმინეთ, გუშინ მათი დადგმული შოუც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, რომ გარკვეულწილად მოეხდინათ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება, მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ მინისტრ ბრეგაძის განმარტება, რომ, სააკაშვილის განცხადებიდან 1 საათში მან ისევ ისე გააგრძელა მკურნალობაც, ვიტამინების და დანამატების მიღება, როგორც წინა დღეებში. მინდა სააკაშვილის მხარდამჭერებს მივმართო, რომ ეს არის ტყუილი მათ ემოციებზე და გრძნობებზე მანიპულირებს და იყენებს მათ გრძნობებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გუშინ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში „მტკნარი სიცრუე“ უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა მკურნალობა. მან თქვა, რომ სააკაშვილი იღებს სითხესა და მედიკამენტს, რაც აუცილებელია მისი მკურნალობისთვის.

გუშინ, 29 ოქტომბერს, დაახლოებით დღის 12 საათისთვის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა ჟურნალისტებს გააცნო სააკაშვილის განცხადება, სადაც სააკაშვილი წერდა, რომ ის კონსილიუმთან თანამშრომლობას ისევ წყვეტდა და აღარ მიიღებდა შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩააბარებდა ანალიზებს.

იქამდე, 27 ოქტომბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ  უარს ამბობდა შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებზე, რეანიმობილის ბრიგადის მომსახურებასა და შემოწმებაზე. მხოლოდ მიიღებდა იმ წამლებს, რომლებიც შიმშილობას არ უკავშირდებოდა. მანამდე, სანამ შეხვედრათა ოთახს არ დაუბრუნდებოდა პირვანდელი სახე და არ მიეცემოდა პროცესუალური უფლებებით სარგებლობის საშუალება. გუშინ მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილსა და ადვოკატებს შორის კომუნიკაციის პრობლემა მოგვარდა. ამიტომ, სააკაშვილმა გააგრძელა ანალიზების ჩაბარება და მედიკოსებთან კონსულტაცია.