გვარამიას საქმის მოსამართლე: მივეჩვიოთ სასამართლო გადაწყვეტილებების პატივისცემას

პუბლიკა

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, რომელმაც ნიკა გვარამიას 2022 წლის 16 მაისს პატიმრობა მიუსაჯა, აცხადებს, რომ ყველა უნდა „მიეჩვიოს სასამართლო გადაწყვეტილებების პატივისცემას”.

„არის ბევრი გამოწვევა, რაც საჭიროებს სამართლებრივ გადაჭრას და რაც პირველ რიგში უნდა ემსახურებოდეს სამოქალაქო საზოგადოების დაცულობის და სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის და სწორად ფუნქციონირების საჯარო ინტერესს და არა კონკრეტული პოლიტიკოსების, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების რაღაც უაზრო ახირებებს. მე თხოვნა მაქვს ყველასთან, რომ მივეჩვიოთ და ვისწავლოთ სასამართლო გადაწყვეტილებების პატივისცემას“. – უთხრა მან სამთავრობო ტელეარხ „იმედს”.

ნიკა გვარამიას დაპატიმრების საქმეზე სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო. საქმე ეხება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებას – 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“ ედავებოდა.

მაშინ ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად შეაფასეს.

გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ აშშ-ის საელჩომ ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ისვე დაფინანსებული სასწავლო პროგრამიდან მოხსნა.

2023 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.

ლაშა ჩხიკვაძის თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ „ვინმე ბოდიშს მოუხდის”.

„ველოდები თუ არა ვინმესგან ბოდიშის მოხდას? არ მაქვს ასეთი მოლოდინი. რაც შეეხება სასამართლოდან წარგზავნილ საჩივრებს, სტრასბურგის სასამართლოს ბოლო წლების გადაწყვეტილებები ადასტურებს იმას, რომ საერთო სასამართლოების, ანუ ქართველი მოსამართლეების გადაწყვეტილებები შეესაბამება სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს. მოსამართლეების გადაწყვეტილებები არის კანონიერი და სრულად თავსებადი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებებთან.

ჩემთვის ეს ასევე ნიშნავს, რომ მოსამართლეები გადაწყვეტილებებს იღებენ დამოუკიდებლად, ყოველგვარი ჩარევების გარეშე. სასამართლო მუდმივად არის ბულინგის, „გაშავების“, მოსამართლეების დემონიზაციის, თუ რაღაც უსაფუძვლო, კორუფციული ბრალდებების ობიექტი”. – თქვა ლაშა ჩხიკვაძემ.