პაპუაშვილი: აშშ-ის საელჩომ გააკეთოს განმარტება, მოეხსნა თუ არა სანქცია ლაშა ჩხიკვაძეს 

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამერიკის საელჩოს მიმართავს, გააკეთოს განცხადება, მოეხსნა თუ არა სანქცია ნიკა გვარამიას საქმის განმხილველ მოსამართლეს, ლაშა ჩხიკვაძეს.

პაპუაშვილმა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიას დაპატიმრების საქმეზე სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო – მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 2022 წლის 16 მაისს 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა მას „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“ ედავებოდა.

მაშინ ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად შეაფასეს.

გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ აშშ-ის საელჩომ ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ისვე დაფინანსებული სასწავლო პროგრამიდან მოხსნა.

2023 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.

ახლა „ქართული ოცნება” ირწმუნება, რომ ნიკა გვარამია სისხლის სამართლის დამნაშავეა და ეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დადასტურდა.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ლაშა ჩხიკვაძეზე დღემდე მოქმედებს აშშ-ის საელჩოს სანქცია. ამიტომაც, მათგან განმარტებას მოელის.

„მაშინდელმა ელჩმა [კელი დეგნანმა] ისეთი რამეც კი იკადრა, რომ საქართველოს მოსამართლეს მოსთხოვა ანგარიში ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და შემდეგ გველაპარაკებიან დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე. […]

იმის გამო, რომ ვიღაცას საელჩოში არ მოეწონა ეს გადაწყვეტილება და ვიღაცას სიმპათიები ჰქონდა ნიკა გვარამიას მიმართ, ეს მოსამართლე დაასანქცირეს, ჩახსნეს გარკვეული პროგრამებიდან, გახადეს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თავდასხმის ობიექტი – ის და მისი ოჯახი.

ვინმემ მოიკითხა, როგორი იყო მისი ემოციური მდგომარეობა იმ დღეებში? ამიტომ, აქაც მოველი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსგან, გააკეთოს განმარტება – მოეხსნა თუ არა სანქცია ლაშა ჩხიკვაძეს თუ ეს სანქციები ასე უსამართლოდ უნდა გაგრძელდეს მის მიმართ”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.