ქალაქ მარნეულში, ნარიმანოვის ქუჩაზე იმ კორპუსის მცხოვრებლებმა, სადაც რამდენიმე დღის წინ აივანი ჩამოიშალა და 2 ადამიანი დაიღუპა, აქცია გამართეს.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ავარიულია შენობა და დიდი ხანია, ითხოვენ ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას.
აქციის ამსახველ კადრებსა და კორპუსის მცხოვრებლების განცხადებებს, ტელეკომპანია „მთავარი“ ავრცელებს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოითხოვენ გასახლება, რადგან საფრთხის შემცველია შენობაში ცხოვრება.
„გვეშინია საკუთარ სახლებში ცხოვრების, არ ვიცით კიდევ როდის, რომელი აივანი შეიძლება დაინგრეს. მერია არაფერს გვთავაზობს. ვისაც აივანი ჩამოენგრა, ის ოჯახები გადაიყვანეს სასტუმროში და დანარჩენების მდგომარეობა საერთოდ არ აინტერესებთ.
რამდენიმე დღე გავიდა უბედური შემთხვევიდან და ნახეთ, ჩამონგრეული აივნების ნარჩენები ისევ ეზოში ყრია. ვითხოვთ, ან ყველანი გაგვიყვანონ აქედან, ან ისეთი გონივრული ზომა მიიღონ, რომ ჩვენ საფრთხის წინაშე აღარ აღმოვჩნდეთ”, – ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები „მთავართან“ საუბარისას.
26 ივნისს მარნეულში საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მეხუთე სართულის აივანი ჩამოიშალა, რასაც ასევე მეოთხე სართულის აივნის ნგრევა მოჰყვა. ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.