ჰოსპიტალიზაციის %-ის შემცირება იოლი არ არის, ეს ავადმყოფების უკმაყოფილებას იწვევს - ცერცვაძე

პუბლიკა

“ის ფაქტი, რომ უცხოეთის ქვეყნებში ჰოსპიტალიზაციის პროცენტი უპირატესად 5-10%, მაქსიმუმ 15%-ია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჰოსპიტალიზაცია უფრო მეტ პაციენტს არ სჭირდება. უბრალოდ, თითოეული ქვეყანა ამას არეგულირებს კონკრეტული მომენტისთვის ქვეყანაში არსებული COVID სიტუაციის და არსებული რესურსის (საწოლფონდის) გათვალისწინებით”. – ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

მისი თქმით, საქართველოც იგივე პრინციპებით მოქმედებას ცდილობს, “თუმცა ეს იოლი არ არის, რადგან ჰოსპიტალიზაციის პროცენტის შემცირება დაკავშირებულია ავადმყოფების უკმაყოფილებასთან და ჰოსპიტალს გარეთ დარჩენილი პაციენტის სიკვდილობის გაზრდილ რისკთან”.

ცერცვაძე ამბობს, რომ ისინი ცდილობენ მოძებნონ რაღაც ოქროს შუალედი, რათა ჰოსპიტალიზაციის გარეშე არ დარჩეს პაციენტი, ვისაც ეს სჭირდება და თან კლინიკური სექტორი ზედმეტად არ გადაიტვირთოს.

თენგიზ ცერცვაძემ, ეს განცხადება გიორგ კანდელაკის საპასუხოდ გააკეთა. ვრცელ წერილში ცერცვაძე მკაცრად აკრიტიკებს ცნობილ ინფექციონისტს სხვადასხვა საკითხზე გამოთქმული მოსაზრების გამო.

აღსანიშნავია, რომ ამაზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც, თამარ გაბუნიას თქმით, საწოლფონდი უნდა შევინახოთ მხოლოდ მძიმე, კრიტიკული პაციენტებისთვის. “დღეს ჩვენ მაინც მაღალი გვაქვს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით, 30-35%-იც კი არის. ამდენად იმისთვის, რომ თუნდაც 10%-ით შევამციროთ ჰოსპიტალიზაცია და ეს პაციენტები დარჩნენ კოვიდსასტუმროებში ან თუნდაც ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით მოგვცემს უფრო მეტ სივრცეს, სწრაფად მოხდეს პაციენტების ბრუნვა და თავიდან ავიცილოთ დაყოვნებები“, – ამბობს თამარ გაბუნია.