ია კერზაიას საქმეში სისტემური ხარვეზები ვლინდება - სახალხო დამცველი

პუბლიკა

სახალხო დამცველის აპარატმა დაასრულა ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტზე ჩატარებული გამოძიების მასალების შესწავლა და დაადგინა, რომ აღნიშნულ საქმეში ვლინდება სისტემური ხარვეზები.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების დაწყების შემდგომ პროკურატურამ საქმესთან შემხებლობის მქონე ყველა პირი გამოკითხა, დაგვიანებით დაწყებული გამოძიების გამო საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოპოვება და სიმართლის დადგენა ვერ მოხერხდა.

„საქმის მასალებიდან დგინდება, რომ გამოძიება 2019 წლის 11 თებერვლამდე არ დაწყებულა, რაც გაუმართლებელი დაგვიანების მანიშნებელია. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქმეზე გამოძიება 332-ე მუხლის კვალიფიკაციით დაიწყო, სრულიად აუხსნელია, თუ რატომ არ დაიწყო გამოძიება 26-27 ნოემბერს, როდესაც ია კერზაიას საჯარო განცხადება უკვე იძლეოდა ამის საფუძველს.

საქმის მასალების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ გამოძიების არდაწყების მიუხედავად, 25-27 დეკემბერს რამდენიმე პირი გამოიკითხა. მსგავსი საპროცესო მოქმედებები არაფორმალური „მოკვლევის“ ან „წინასაგამოძიებო მოქმედების“ ფარგლებში ტარდებოდა, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იცნობს. გაურკვეველია, რატომ არ დაიწყო გამოძიება, თუკი პროკურატურა თვლიდა, რომ საქმეზე საპროცესო მოქმედებები იყო ჩასატარებელი. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამოძიების საწყისი ეტაპის არაფორმალურად წარმოება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გამოძიების ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას“,- ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატში მიიჩნევენ, რომ დაგვიანებულმა გამოძიებამ სიმართლის დადგენა შეუძლებელი გახადა: „ლავრენტი ქირიასთან დაკავშირებული ვიდეოჩანაწერი პროკურატურამ განათლების სამინისტროდან მხოლოდ 7 მარტს გამოითხოვა. ამ დროისთვის კადრები უკვე წაშლილი იყო, რადგან სამინისტროს სერვერები ვიდეოჩანაწერს მხოლოდ 29 დღით ინახავდა. კადრების მოპოვება შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ გამოძიება დროულად, 26-27 ნოემბერსვე დაიწყებოდა.“

აპარატში მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს გაუმართლებელი დაგვიანება გახდა გამოძიების უშედეგოდ დასრულების მთავარი განმაპირობებელი მიზეზი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, უნიფორმული და განჭვრეტადი გახადოს აღნიშნული სტატუსის მინიჭების საფუძვლები. თუ არსებული საკანონმდებლო სივრცის პირობებში ეს შეუძლებელია, მაშინ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განახორციელოს საქართველოს პარლამენტმა.

************

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილის ბაჩანა შენგელიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში დარეგისტრირდა სარჩელი „შენგელია საქართველოს წინააღმდეგ“.

ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა. ბაჩანა შენგელია, სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლას პედაგოგზე პოლიტიკური შეხედულების გამო ზეწოლად აფასებდა. სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლასთან დაკავშირებით პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, თუმცა მიმდინარე წლის აგვისტოში გამოძიება შეწყდა, უწყების  განმარტებით დანაშაულის არარსებობის გამო.

LB loan image desktop LB loan image mobile