ევროსასამართლოში სარჩელი „შენგელია საქართველოს წინააღმდეგ“ დარეგისტრირდა – შენგელია

პუბლიკა

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოში დარეგისტრირდა სარჩელი „შენგელია საქართველოს წინააღმდეგ“.

„არც ერთი ინსტანცია, არც ერთი მინიმალური შანსი არ დაგვიტოვებია მტკიცებულებების მოსაპოვებლად, საქმეზე სიმართლის დასადგენად. საპასუხოდ ყველა სახელმწიფო უწყებიდან ვიღებდით საქმის გაყალბების ხელშეწყობას, მოწმეებზე ზეწოლას, ტყუილებს, ცინიზმს, არაკომპეტენტურობას. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი შეთანხმებულად მოქმედებდა საქმის გამოძიების შესაწყვეტად, ფაქტების დასამახინჯებლად.

ერთი წლის განმავლობაში, ჩემი მეგობრების დახმარებით, პრაქტიკულად შიშველი ხელებით, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით, ლამის სისხლის ფასად ვცდილობთ საქმის მასალების მოპოვებას და სწორედ ასე მოპოვებული მასალები გავაგზავნეთ სტრასბურგში. ახლა ბოლო სიტყვა ევროპიდან უნდა გავიგოთ, სადაც იმედი მაქვს, არ ეცდება ჩვენი მთავრობა თავისი საცეცების მიწვდენას“, – წერს ბაჩანა შენგელია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე. 

ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა. ბაჩანა შენგელია, სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლას პედაგოგზე პოლიტიკური შეხედულების გამო ზეწოლად აფასებდა. სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლასთან დაკავშირებით პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, თუმცა მიმდინარე წლის აგვისტოში გამოძიება შეწყდა, უწყების  განმარტებით დანაშაულის არარსებობის გამო.

LB loan image desktop LB loan image mobile