იდეალური ვითარება არსად არ არსებობს - თურნავა შანეი ბრუკის მკვლელობაზე

პუბლიკა

„..მსგავსი თუნდაც ერთეული შემთხვევები [ზოგადად] ერთეული შემთხვევებია, მაგრამ თუნდაც ერთეული შემთხვევები, რა თქმა უნდა, ჩვენ დარტყმას გვაყენებს იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ იდეალურები. თუმცა იდეალური ვითარება არსად არ არსებობს – გაცილებით უფრო განვითარებულ, ტრადიციულ ტურისტულ ბაზრებზეც კი, სამწუხაროდ, ზოგჯერ ხდება გარკვეული კრიმინალური შემთხვევები“, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ავსტრალიის მოქალაქის, შანეი ბრუკის მკვლელობას.

თურნავამ ღრმა მწუხარება გამოხატა გარდაცვლილი გოგონას ოჯახის მიმართ და აღნიშნა, რომ მომხდარი „სამწუხარო შემთხვევაა“:

„ვიცით, რომ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები სამძებრო ღონისძიებებში. შემდეგ უკვე მიმდინარეობს გამოძიება ყველა არსებული წესის თანახმად. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება შედეგს დადებს“, – აღნიშნა თურნავამ.

ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიუხედავად კოვიდპანდემიისა და „ასეთი ცვალებადი ვითარებისა“, კვლავაც მასპინძლობდეს ათასობით ტურისტს:

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს, მართლაც ,როგორც არის, ასევე, ერთეულ შემთხვევებად დარჩეს და მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს საფრთხე. მაგრამ ფაქტია, რომ სამწუხაროა, ფაქტია, რომ ძალიან არასასიამოვნოა, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო, მიუხედავად კოვიდპანდემიისა და ასეთ ცვალებადი ვითარებისა, კვლავაც მასპინძლობდეს ათასობით ტურისტს“, – განაცხადა მინისტრმა.


30 ივლისს თბილისში ავსტრალიის მოქალაქე, შანეი ბრუკი გაუჩინარდა.

როგორც გაუჩინარებული ქალის მეგობრები აცხადებენ, ბრუკი 30 ივლისის საღამოს მთაწმინდისკენ წავიდა სასეირნოდ. მეგობრები ფიქრობენ, რომ მას მთაწმინდაზე სეირნობისას თავს დაესხნენ. მათივე ცნობით, ღამით შანეი ბრუკმა მეგობარს დაურეკა, ტელეფონში კი ისმოდა, როგორ ითხოვდა შველას.

ბრუკის ცხედარი 31 ივლისს, საღამოს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს. ავსტრალიის მოქალაქე საქართველოში ინგლისურის პედაგოგად მუშაობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.