„იძულების პროპორციულ ზომაზე დათქმა წარმოადგენს სტანდარტულ ფორმას“ - სასამართლო TV პირველზე

პუბლიკა

„TV პირველიდან“ მასალების ამოღების შესახებ სასამართლო განჩინების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

„2021 წლის 9 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლებს ნება დაერთოთ განახორციელონ საგამოძიებო მოქმედება – ამოღება.

კერძოდ 2021 წლის 6 მარტს გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ „TV პირველისათვის“ გადაცემული (გაგზავნილი) ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღება, რომელზეც ჩაწერილი იყო კერძო საუბრები. ასევე კონვერტი, ან სხვაგვარი შეფუთვა.

გასათვალისწინებელია, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გაცემულ სხვა განჩინებებშიც, სასამართლო ხელმძღვანელობს და მიუთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რომლის თანახმადაც დასაშვებია საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელმა პირმა ან ორგანომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა და ეს კანონის დანაწესიდან გამომდინარეობს.

შესაბამისად აღნიშნული დათქმა წარმოადგენს სტანდარტულ ფორმას, რომელიც სხვა უამრავ მსგავს შემთხვევებშიც ეთითება ანალოგიურ განჩინებებში და არანაირი განსხვავებული წესი ამ შემთხვევაში არ გამოყენებულა“, – წერი განცხადებაში.


სასამართლომ „TV პირველიდან“ პროკურატურას მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს და მიღებულ დოკუმენტსაც აქვეყნებს.

„განჩინებით ირკვევა, რომ პროკურატურამ მოითხოვა არა ის აუდიოჩანაწერები, სადაც სავარაუდო დანაშაულზეა საუბარი, არამედ რაღაც კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს“, – ამბობს საინფორმაციო გადაცემის წამყვანი ეთუნა ინწკირველი.

როგორც ჟურნალისტი ნოდარ მელაძე ამბობს, მოსამართლის განჩინებით და პროკურორის შუამდგომლობიდან ირკვევა, რომ მათ მიზანს არ წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების მოკვლევა, არამედ მათი მიზანია, როგორმე პირდაპირი ან ირიბი ხერხებით გავიდნენ წყაროზე. „ჩვენი მოვალეობაა, ჟურნალისტების, დავიცვათ წყარო და ამის უფლებას ჩვენ გვაძლევს კანონი“, – ამბობს ის.