„ინტენსიურ რეჟიმში კვლავ გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები“ - შსს შანეი ბრუკის მკვლელობაზე

პუბლიკა

„ინტენსიურ რეჟიმში კვლავ გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები“, – ასე უპასუხეს „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსსამსახურში შეკითხვაზე, ხომ არ არის სიახლე ავსტრალიის მოქალაქე, შანეი ბრუკის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით.

უწყებამ „პუბლიკას“ განუმარტა, რომ დეტალებში ვერ შევა იქიდან გამომდინარე, რომ, როგორც მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თქვა, შესაძლოა ნებისმიერი სიტყვა გამოძიებისთვის დამაზიანებელი იყოს.

ავსტრალიის მოქალაქე შანეი ბრუკი 31 ოქტომბერს მოკლეს. 1-ელ აგვისტოს შსს-მ განაცხადა, რომ მის საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებდნენ. ბრუკის მკვლელობიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა და მომხდარის დეტალები ჯერ კიდევ სრულიად უცნობია.


მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, 2 აგვისტოს ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შანეი ბრუკის საქმეზე „რაღაცები აქვთ“.

„მაქსიმალურს ვაკეთებთ. ორი დღეა 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ჩემი თანამშრომლები, გამომძიებლები, რომ სწრაფად მოხდეს [გამოძიება]… გვაქვს რაღაცები, თუმცა ვერ ვიტყვით ჯერ… ნუ მალაპარაკებთ… ბევრჯერ მითქვამს, რომ შეიძლება გაფუჭდეს საქმე, რაც ვიწვალეთ ორი ღამის განმავლობაში, წყალში ჩაგვეყაროს…“, – ამბობდა მინისტრი 2 აგვისტოს.

შანეი ბრუკი საქართველოში ინგლისურის პედაგოგად მუშაობდა. გაუჩინარებული ქალის ძებნაში პოლიციასთან ერთად მისი მეგობრებიც მონაწილეობდნენ. მეგობრები ფიქრობდნენ, რომ მას მთაწმინდაზე სეირნობისას თავს დაესხნენ. მათივე ცნობით, ღამით შანეი ბრუკმა მეგობარს დაურეკა, ტელეფონში კი ისმოდა, როგორ ითხოვდა შველას.