თეა წულუკიანის კითხვის პასუხად, ჩაატარა თუ არა მან რეორგანიზაცია სახალხო დამცველის აპარატში და თუ არა, რატომ, ლევან იოსელიანმა უპასუხა:
„მე ვმუშაობ იმ ადამიანებთან, რომლებიც დამხვდნენ სახალხო დამცველის აპარატში. მნიშვნელოვანი ნაწილი არის ბატონი სოზარის [სუბარი] დროინდელი [თანამშრომელი], შემდეგ არის სხვა სახალხო დამცველების დროს მისული ადამიანები. მე არ ვფიქრობ, რომ თუ ადამიანები თავის საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებენ, ვის პერიოდში არის მოყვანილი ან ვინ იყო სახალხო დამცველი იმ დროს, ამით უნდა განვსაჯო მათი მომავალი და ეს უნდა იყოს რეორგანიზაციის საფუძველი. რეორგანიზაციის საფუძველი შეიძლება იყოს ბევრი სხვა რამ, მაგრამ არა ეს”. – თქვა ლევან იოსელიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ 2024 წლის ანგარიშში 30-ჯერ მაინც გამოიყენა სიტყვა „მისასალმებელია”, თუმცა, სახალხო დამცველის მოვალეობა არ არის, მხოლოდ იმაზე ილაპარაკოს, რა ხდება კარგი ქვეყანაში.
იოსელიანი დღეს „ქართული ოცნების” პარლამენტში 2024 წლის ანგარიშს წარადგენს.
„ქართული ოცნების” წევრებმა უკმაყოფილოება გამოთქვეს იმის გამო, რომ ანგარიშში, მათ შორის, აღნიშნულია, რომ ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციებზე დაირღვა მოქალაქეების უფლებები, ხაზგასმულია პოლიციელების მხრიდან არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობა, წამება, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, ასევე საუბარია ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობასა და საქმიანობაში ხელის შეშლაზე.
თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანი გააკრიტიკა და სახალხო დამცველს ფაქტობრივად თანამშრომლების გათავისუფლება მოსთხოვა.
„თქვენ, მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ მეტ-ნაკლებად გიცნობთ და ღირსებით სავსე ადამიანი ხართ, პროფესიონალიზმი არ გაკლიათ, ალბათ სტაფის ბრალია, რომ შერჩევითად გაწვდიან თემებს. რეორგანიზაცია ჩაატარეთ თუ არა და თუ არა, რატომ? ხომ არ მუშაობთ ისევ ქალბატონი მავნებელი ლომჯარიას კადრებთან ერთად და ხომ არ გვამყოფებთ მათ იმედზე, რომ თურმე ჩვენი უფლებები იქნება დაცული და ასკინკილა ბურჯანაძის კადრებთან ხომ არ მუშაობთ ისევ შემთხვევით, რომელსაც ეჩვენება, რომ დეესკალაციის ოთახებში თურმე ქართულ ციხეებში არაადამიანური მოპყრობაა. ეს ძალიან უპასუხისმგებლო განაცხადი”. – უთხრა იოსელიანს თეა წულუკიანმა.