იოსელიანი დეპუტატების შეურაცხყოფაზე: ქალებთან ასე საუბარი ჩემთვის მიუღებელია

პუბლიკა

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტში „ოცნების“ წევრების მხრიდან ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ facebook-ზე დაწერა, რომ მისთვის „ქალებზე ამგვარი საუბარი მიუღებელია“.

იოსელიანის თქმით, ისე საუბარი ქალებთან, როგორც „ოცნების“ წევრებმა ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს მიმართეს, ახალისებს ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას.

„ქალი პოლიტიკოსების მიმართ დისკრიმინაციის გამაძლიერებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს დეტალურად სახალხო დამცველის აპარატი შეაფასებს და აუცილებლად აისახება ანგარიშში. აქ უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ როგორი რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, ქალებთან ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია. მსგავსი საუბარი არავის მატებს ღირსებას და მხოლოდ ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ახალისებს”. – დაწერა იოსელიანმა. 

„ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა დღეს პარლამენტში, სხდომათა დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის“ შეურაცხყოფა მიაყენა ანი წითლიძეს, „ოცების“ კიდევ ერთმა წევრმა, ირაკლი ბერაიამ კი – თეონა აქუბარდიას.

პარლამენტის თავმდჯომარეს მათთვის მიკროფონი არ გაუთიშავს.