„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი და თინა ბოკუჩავას მეუღლე, კოტე იოსელიანი თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იკითხება.
იოსელიანმა გამოკითხვამდე განაცხადა, რომ ის შსს-ს არ ენდობა და მიაჩნია, რომ არც გამოძიება იქნება რეალური.
მისივე თქმით, მისი გატაცება „ძალადობის ფონზე მოხდა“, რაშიც რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა – ის ასევე აღნიშნავს, რომ ამ პირებს ინფორმაცია ჰქონდათ მის შვილებზე, მათ გადაადგილებასა და განრიგზე.
„ეს იყო კლასიკური გატაცება მისი ყველა შემადგენელი ფორმით, ეს მოხდა ჩემს სახლთან, ცხადია ძალადობის ფონზე. იმყოფებოდა რამდენიმე ადამიანი. თავიდან ვიფიქრე, რომ სახლთან დახვედრებისა და ძალადობის გაგრძელება იყო, თუმცა მანქანაში შეთრევის შემდეგ, თვალებზე პირბადესავით რაღაცის გაკეთების შემდეგ, მივხვდი რაშიც იყო საქმე.
გადამიყვანეს არც თუ ისე შორს, ვვარაუდობ, რომ საბურთალოს ტერიტორიაზე გადამიყვანეს. შემდეგ იყო მოთხოვნა, რომელიც ჩემი მხრიდან შესრულდა. მე თითქოს რაიმე მორალურ ან პრინციპულ კომპრომისზე წავედი, ასე არ არის, მეორეჯერ ბოდიშის მოხდა დიდ ამბად არ ჩავთვალე იმ ფონზე, რა ფონზეც მიმდინარეობდა კომუნიკაცია და იმ კონკრეტულ საკითხებზე, რა საკითხებზეც მიდიოდა საუბარი (ჩემს შვილებზე, მათ გადაადგილებაზე, მათ ვაკის პარკში სიარულის განრიგზე და ა.შ.). […]
ეს არის პოლიტიკური მდგენელის მქონე აქტი, რომელიც განხორციელდა, რომელსაც პოლიტიკური შედეგები ექნება და აქვს კიდეც. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ და რატომ დაგეგმა, რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი, იმ ფონზე, როდესაც მე გულწრფელი ბოდიში მქონდა მოხდილი.
მინდა უტა ივანიშვილს მივმართო, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემთან საუბარი გინდა, დამირეკე და პირადად დაგელაპარაკები.
ეს იყო კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა სპეცსამსახურები, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, მოისმინონ ჩანაწერები, ადევნება განახორციელონ, თვალ-თვალი და ხელი შეუწყონ ისეთ ჯგუფებს, რომლებთან მე მქონდა კომუნიკაცია, რომ თავისუფლად შეასრულონ დავალებები.
იყო განხორციელებული რამდენიმე ზარი, შემდეგ მე გავედი ერთგვარ კავშირზე, თვითონაც შეეშინდათ ამბავი არ ატეხილიყო და გამაგზავნინეს „ვოისი“, სადაც ვთქვი, რომ ყველაფერი კარგად იყო და სახლში მალე დავბრუნდებოდი. ამის შემდეგ თინამ მიიღო ინფორმაცია, რომ ცოცხალი ვიყავი“, – თქვა იოსელიანმა.
8 ივნისს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მეუღლემ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილმა წევრმა, კოტე იოსელიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც 7 წლის წინ საჯაროდ გაკეთებული განცხადების გამო, მეორედ მოუხადა ბოდიში ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს.
იოსელიანი ვიდეოში ამბობს: „გულწრფელად უტას ბოდიშს ვუხდი ამის გამო, რადგან ეს იყო სიცრუე და მე მისი ორიენტაციის შესახებ არასდროს არაფერი არ მსმენია“.
9 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე თქვა, რომ იოსელიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოს წინ უძღოდა მისი „გატაცება და ზეწოლა”.
ბოკუჩავას თქმით, კოტე იოსელიანს სადარბაზოსთან 5 ნიღბიანი პირი დახვდა და თავს დაესხა, რის შემდეგაც თვალები აუხვიეს და გაიტაცეს. ოპოზიციონერის განცხადებით, მის მეუღლეზე 8 საათი ახორციელებდნენ ზეწოლას და ემუქრებოდნენ „კონკრეტულად ბავშვების უსაფრთხოებით”.