„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა მეუღლის და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრის, კოტე იოსელიანის მიერ უტა ივანიშვილზე გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება და ამბობს, რომ ვიდეოს წინ უძღოდა იოსელიანის „გატაცება და ზეწოლა”.
ბოკუჩავას განცხადებით, კოტე იოსელიანს სადარბაზოსთან 5 ნიღბიანი პირი დახვდა და თავს დაესხა, რის შემდეგაც თვალები აუხვიეს და გაიტაცეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ „დისტანციიდან და ტრაექტორიიდან გამომდინარე, ის გაიტაცეს და მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა მოდულის შენობაში“.
„მინდა, საზოგადოებას მოვუყვე, რა მოხდა ამ ვიდეოს ჩაწერამდე.
ჩემს მეუღლეს, ჩვენი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკის აუზთან, ღამით ჩაუსაფრდა 5 ნიღბიანი პირი და თავს დაესხნენ, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება ვერ შეძლეს.
ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ჩემი მეუღლე ჩასვეს მანქანაში, მას აუხვიეს თვალები და თვალებახვეული და ხელებშეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით. ჩვენთვის შეუძლებელია დავადგინოთ ზუსტი ლოკაცია, რადგან ის იყო თვალებახვეული, მაგრამ დისტანციიდან და ტრაექტორიიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ ის გაიტაცეს და მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა მოდულის შენობაში.
ადგილზე მიყვანის შემდეგ გამტაცებლები 8 საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას, უსახელებდნენ მას ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს, მათ შორის, ჩვენი უფროსი 10 წლის შვილის სკოლის და ჩვენი 2 წლინახევრის ტყუპების ბაღის ადგილმდებარეობას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ემუქრებოდნენ, მათ შორის, ბავშვების უსაფრთხოებით.
მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივია, მთელი ღამის განმავლობაში ჩემს მეუღლესთან დაკავშირებას ვცდილობდი, მას არ აძლევდნენ ტელეფონზე წვდომას.
ყველას პირადი ცხოვრება პირადია, წერტილი. ყველას კარგად გვესმის, რომ უტა ივანიშვილზე 7 წლის წინ გაკეთებული განცხადება, რომელზეც კოტემ ფაქტიდან სამ დღეშივე საჯაროდ მოუხადა ბოდიში, კოტეს გუშინდელი გატაცების რეალური მიზეზი არაა, ეს არის, მხოლოდ საბაბი. რეალური მიზეზი არის ჩემი დაშინება და გაჩუმება.
მინდა, გარკვევით ვთქვა, ბიძინა ივანიშვილის, მისი ყველა ოჯახის წევრის, კოტეს გამტაცებლების და დამკვეთების, მათ შორის, გელა გელაძის, ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, არ მეშინია, არ გავჩუმდები და ვიბრძოლებ თქვენი ძალადობრივი რეჟიმის დემონტაჟისთვის.
რეჟიმმა ჩათვალა, რომ ისინი მე ვერ მიჭერენ და ამიტომ გადაწყვიტეს, ჩემზე განახორციელონ ზეწოლა ჩემი ოჯახით. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ მეშინია, არ გავჩუმდები და ყოველთვის ვიტყვი სიმართლეს”. – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
გუშინ, 8 ივნისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილმა წევრმა, კოტე იოსელიანმა Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ „გულწრფელად უტას ბოდიშს ვუხდი ამის გამო, რადგან ეს იყო სიცრუე და მე მისი ორიენტაციის შესახებ არასდროს არაფერი არ მსმენია“.