უტას ბოდიშს ვუხდი, მისი ორიენტაციის შესახებ არასდროს არაფერი არ მსმენია - კოტე იოსელიანი

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი, კოტე იოსელიანი Facebook-ზე ვიდეოს აქვეყნებს და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.

„მოგესალმებით, ვიდეოს ვწერ ბოდიშის მოსახდელად, რამდენიმე წლის წინ უტა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო. მთელი ამ დროის განმავლობაში მუდმივად მხვდებოდა ფეისბუქპოსტები, სადაც განიხილებოდა ეს საკითხი. გულწრფელად უტას ბოდიშს ვუხდი ამის გამო, რადგან ეს იყო სიცრუე და მე მისი ორიენტაციის შესახებ არასდროს არაფერი არ მსმენია. ერთადერთი, რაც ვიცი, მას ყოველთვის კარგად ახასიათებენ, ნორმალური ადამიანია და მის ვაჟკაცობაზე საუბრობენ. ეს იყო ტყუილი, რაც მე ვთქვი და ბოდიშის მოხდა არასდროს არის გვიანი. რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც მე იძულებული გავხდი, ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი, რასაც მართლა გულწრფელად ვნანობ და მინდა, კიდევ ერთხელ გულწრფელად ბოდიში მოვუხადო უტა ივანიშვილს“, – ამბობს კოტე იოსელიანი ვიდეოში.

იოსელიანის Facebook-ის პირად გვერდზე ამ ვიდეოს გამოქვეყნებამდე ბოლო საჯარო აქტივობა 2020 წლის დეკემბერში აქვს. რა „გარემოებების“ გამო გადაწყვიტა მან ვიდეოს ჩაწერა, უცნობია.

2018 წელს „ნეტგაზეთი“ წერდა, რომ იოსელინმა ერთ-ერთი მაღალჩინოსნის პირადი ცხოვრების შესახებ ჭორი გაავრცელა. კერძოდ, იოსელიანმა თქვა, რომ აღნიშნულ მაღალჩინოსანზე „ქალაქში ჭორი დადის“, რომ ერთ-ერთი ცნობილ პირთან რომანტიკული ურთიერთობები აქვს. მედიის ცნობითვე, მეორე დღეს იოსელიანმა აღნიშნულ განცხადებაზე ბოდიში მოიხადა.