ირაკლი კობახიძე: ქსენოფობიური კამპანიის ახალი ტალღაა

პუბლიკა

ირაკლი კობახიძემ ლავროვის სანქცირებული შვილის საქართველოში შესაძლო ყოფნის გამო გამოთქმულ პროტესტს ქსენოფობიური კამპანიის მეოთხე ტალღა უწოდა.

„ჩვენ წინასწარ ვაკეთებდით პროგნოზს, რომ ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, აუცილებლად დაიწყებოდა ქსენოფობიური კამპანიის ახალი ტალღა და რაც გვქონდა პროგნოზი, ზუსტად ის ახდა“, – განაცხადა კობახიძემ.

შეკითხვაზე, იმყოფება თუ არა ლავროვის შვილი ან ვინმე სანქცირებული პირი დღეს საქართველოში, კობახიძემ აღნიშნა, რომ ამაზე არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია.

„მე ვერ გეტყვით ამას, ვეყრდნობი ამ შემთხვევაში სასტუმროს ინფორმაციას. მე არ მაქვს ამაზე დაზუსტებული მონაცემები. მთავარი რა არის ჩემთვის, რომ აქ არის კონკრეტული მიდგომა, რაც იკვეთება კონკრეტული ადამიანების ქმედებებში და ასევე, ორმაგი სტანდარტი. თქვენ გახსოვთ მათი დამოკიდებულება 2008 წლის შემდეგ. იგივე, როდესაც მიხალკოვის ქორწილი შედგა საქართველოში. მაშინ პირადად ესტუმრა მას მიხეილ სააკაშვილი, მაშინდელი პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე წელი, სამი წელი იყო გასული რუსეთ-საქართველოს ომიდან. მაშინ, მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიების 20 პროცენტი, 30 000 ადამიანი იქცა დევნილად“, – განაცხადა კობახიძემ.

19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოშია ლავროვის სანქცირებული შვილი, რომელიც მეუღლესთან ერთად მაზლის ქორწილს აღნიშნავდა.

„ყვარლის ტბამ“ ოფიციალურ განცხადებაში ლავროვას სტუმრობა უარყო.

„მთავარის“ ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებს კახეთში ორი სასტუმრო მასპინძლობს, უშუალოდ საქორწინო ღონისძიება, ტელეკომპანიის ინფორმაციით, ყვარლის ტბაზე იმართება.

საქართველოში ქორწილს იხდის სემიონოვიჩ ვინოკუროვი, მან საკუთარ ინსტაგრამზე საქორწილო ცერემონიის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. ის სერგეი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმაა.