„ტვ პირველის“ ეთერში გდდ-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ პოლიტიკური თავშესაფარი დაახლოებით 3 კვირის წინ მისცეს.
ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა 13 მაისს.
„ჩემი თვითმიზანი არასდროს ყოფილა საზღვარგარეთ საცხოვრებლად გადასვლა. აშშ-ის ვიზა 2013 წლიდან მქონდა. 2021 წელს კანადის ვიზაც მივიღე და შემოთავაზებაც მქონდა და შესაძლებლობაც, ქვეყანა დამეტოვებინა, თუმცა ყოველთვის ფეხები მრჩებოდა უკან, იმიტომ, რომ ვფიქრობ, რომ ყველა ქართველმა, ყველა ადამიანმა თავის ქვეყანაში უნდა იცხოვროს და იქ გაზარდოს შვილები. ეს არ იყო ჩემი არჩევანი, ეს იყო იძულება, იძულებით მომიწია აქ წამოსვლა.
ძალიან რთული გზა გავიარე. მარტივი არ არის ოჯახთან ერთად, მცირეწლოვან შვილებთან ერთად უცხო ქვეყანაში აბსოლუტურად მოუმზადებლად, აბსოლუტურად დაუგეგმავად შეძლო თავის დამკვიდრება და იქ ცხოვრება.
კი არ მეთაკილება და მრცხვენია, მეამაყება კიდეც – ხან ამანათებს ვარიგებ, ხან სხვადასხვა სამშენებლო ჯგუფებში ვმუშაობ. ძალიან ძნელია ემიგრაციაში ცხოვრება“, – თქვა ირაკლი შაიშმელაშვილმა.
ირაკლი შაიშმელაშვილი 2024 წლის 3 დეკემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი იყო. მან თანამდებობა საკუთარი პატაკის საფუძველზე, თბილისში მიმდინარე აქციების დარბევის ფონზე, პროტესტის ნიშნად დატოვა. მოგვიანებით ის ქვეყნიდან წავიდა.
სისტემიდან წასვლისა და ქვეყნის დატოვების შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ შაიშმელაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა – 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე.
პროკურატურის პოზიციით, შაიშმელაშვილმა „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთა” და ის „ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დემორალიზებას და მოუწოდებდა მათ, არ შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა”. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს.
7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ შაიშმელაშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
ირაკლი შაიშმელაშვილთან ერთად 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებულებს: პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხოლო ირაკლი ჩხვირკვიას, ნიკა გვენცაძეს, გური ჟვანიასა და თორნიკე მჭედლიშვილს 5-5 წელი მიესაჯათ.