IRI: მოსახლეობის 82% თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა პანდემიის გავრცელების შემდეგ

პუბლიკა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, რომელიც ახალ კორონავირუსთან ბრძოლასა და ეკონომიკურ გამოწვევებს ეხება, საქართველოს მოსახლეობის 82% თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა პანდემიის შემდეგ. 65% მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ოჯახში „ძალიან“ (22%) ან „მნიშვნელოვნად“ (43%) მძიმეა, ხოლო 67% თვლის, რომ კორონავირუსის შედეგად, კიდევ უფრო გაუარესდა.

კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 79% არის კმაყოფილი, მათ შორის „ძალიან კმაყოფილი“ (41%) და „მეტნაკლებად“ კმაყოფილი (38%) მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში. ამასთანავე, მოსახლეობის 58%, მათ შორის 21% „ძალიან“, ხოლო 37% „მეტნაკლებად“, კმაყოფილია იმ სოციალური პროგრამებით, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების შესამსბუქებლად.

კვლევის შედეგების თანახმად, მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება (94%) რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (91%) და პრემიერ-მინისტრის ოფისის (81%) მუშაობა პანდემიასთან ბრძოლაში იყო ეფექტური.

აქვე აღნიშნულია, რომ მოსახლეობის პოზიტიური დამოკიდებულება ქვეყნის ტრაექტორიასთან დაკავშირებით გაზრდილია, ორგანიზაციის წინა კვლევასთან შედარებით. თუ 2019 წლის ოქტომბრის კვლევის შედეგებით მოსახლეობის 22% თვლიდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა, დღეს ეს მაჩვენებელი გაზრდილია 36%-მდე.

საპარლამენტო არჩევნების წინ, მოქალაქეთა 54 პროცენტი ინფორმირებულია 8 მარტის შეთანხმებისა და ქვეყნის საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ. მათგან 77 პროცენტი – 41% „ძლიერ“, ხოლო 36% „მეტნაკლებად“, მხარს უჭერს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი – 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.