ის რეალურად შიმშილობს და მისი მდგომარეობა საყურადღებო ხდება - ხუნდაძე ხოშტარიაზე

პუბლიკა

პარლამენტის შენობაში მოშიმშილე პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია უმრავლესობის წევრებმა მოინახულეს.

ელენე ხოშტარისთან დეპუტატი დავით სერგეენკო, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე მივიდნენ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ელენე ხოშტარიას მდგომარეობის შესახებ.

„ამ ვითარებაში ჩემი, როგორც ადამიანური დამოკიდებულებით და ასევე ექიმის, ყველაზე საყურადღებო ამ პროცესში ქალბატონი ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობაა. გამომდინარე იქიდან, რომ ის რეალურად შიმშილობს და მისი მდგომარეობა დღითი დღე კიდევ უფრო საყურადღებო ხდება. მე ვიტოვებ იმედს, რომ ქალბატონი ელენეს ჯანმრთელობა იქნება შენარჩუნებული და საბოლოოდ, იქნება დამდგარი შედეგი, რომ  ეს პროცესი დასრულდება და ყველა ჩავდგებით დროულ რეჟიმში. ეს არის ყველას სურვილი, მიუხედავად პოლიტიკური შეფასებებისა და ხედვისა, რომ ქვეყნის სტაბილურობა არის უმთავრესი“, – ამბობს  დიმიტრი ხუნდაძე.