ისე ახლოს ვართ ამ მიზანთან, როგორც არასდროს - ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსზე

პუბლიკა

„კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, საქართველოს ადგილი ევროპაშია, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოსვლისას.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო დღეს ევროპისგან ელის შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

„საქართველოს სწორედ თავისუფლების იდეალი ამოძრავებს საუკუნეთა განმავლობაში ევროპის ერთა ოჯახის სრულფასოვან წევრად გახდომისკენ სწრაფვისას. იმ ევროპის, რომელიც სწორედ ქრისტიანულ ფასეულობებს ეფუძნება. ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული მასშტაბური რეფორმების შედეგად დღეს ისე ახლოს ვართ ამ მიზანთან, როგორც არასდროს.“ – ამბობს ღარიბაშვილი.

მისივე განცხადებით, მთავრობამ კანონის უზენაესობის, დემოკრატიის, ეკონომიკური წინსვლისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველსაყოფად დიდი ძალისხმევა გასწია.

„სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გაძლიერება სამართლიანად იმსახურებს მიუკერძოებელი და ობიექტური შემფასებლების აღიარებას მთელ მსოფლიოში,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში, კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციას ესწრება. კონფერენცია 4-5 მაისს გაიმართება. კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია (CPAC) 1974 წელს აშშ-ში დაფუძნებული კონსერვატორთა ყოველწლიური ყრილობაა.