ისრაელთან ტურისტული მიმოსვლის აღდგენა გადავადდა – პრემიერი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ისრაელთან ტურისტული მიმოსვლის აღდგენა გადავადდა.

პრემიერის თქმით, ე.წ. მწვანე კორიდორის შეთანხმება ისრაელთან მზად იყო ხელმოსაწერად, თუმცა იქ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმების გამო, ერთობლივი შეთანხმებით გადაიდო საზღვრის გახსნა.

საქართველოს მთავრობა ტურისტებისთვის საზღვრის გახსნას 1 ივლისიდან გეგმავს. რომელი ქვეყნებიდან ჩამოვლენ ტურისტები და როგორ შეამოწმებენ საზღვარზე, ეს ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუმცა მთავრობაში ამბობდნენ, რომ პირველი ქვეყანა ისრაელი იქნებოდა და მასთან ფორმდებოდა ხელშეკრულება.

„ბოლომდე გვაქვს მიყვანილი, ხელმოწერის დონეზე, ისრაელთან შეთანხმება ტურისტების ისრაელიდან შემოყვანაზე. მწვანე კორიდორი პირველი ვისთანაც დავალაგეთ, დავალაგეთ ისრაელთან. ჩვენ რომ დავთქვით თარიღი, 15 ივნისი ვთქვით ჩვენ. ისრაელი იყო პირველი შესაძლებლობა, რომ უფრო ადრე გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი. ზუსტად ერთი კვირის წინ ისეთი დაიწყო იქ, უბრალოდ, ეპიდემოლოგიური სიტუაცია აფეთქდა და ათასობით ადამიანი გადაჰყავთ კარანტინში. რამდენიმე ქვეყანაა კიდევ ასეთი“, – განაცხადა გახარიამ.