IT სპეციალისტი, რომელმაც ქობულეთში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა 17 წელი მიუსაჯეს

პუბლიკა

IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს, რომელმაც ქობულეთში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა 17 წელი მიუსაჯეს.

ამის შესახებ ინფორმაცია „ტვ პირველს“ კვიცარიძის დედამ და ადვოკატმა მიაწოდეს. „მოსამართლემ ბრალდებულს მიუსაჯა 17 წელი . ბრალდებული ამას არ ეთანხმება და აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას“,- თქვა ადვოკატმა „ტვ პირველთან“ სატელეფონო ჩართვისას.

მიმდინარე წლის ივნისში „TV პირველის“ ეთერში, გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათმა“ გაავრცელა პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე სასტიკი ძალადობის ამსახველი კადრები. ერთ-ერთ ჩანაწერში ისმის, რომ პოლიციელები მოქალაქეზე ძალადობენ, სავარაუდოდ, ყალბი ჩვენების მიღების მიზნით.

„TV პირველის“ ინფორმაციით, კადრებს თავად პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩატში აგზავნიდნენ. არხის ინფორმაციით, 32 წლის IT-სპეციალისტმა, გიორგი კვიცარიძემ სამართალდამცველების მხილების მიზნით პოლიციელების ჩატში შეაღწია და ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა. როგორც მისი დედა, ეთერ კვიცარიძე ამბობდა კადრების გამო მას „პოლიციელებმა ნარკოტიკი ჩაუდეს“ და ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

კადრები „TV პირველს“ სწორედ კვიცარიძის დედამ მიაწოდა. „5 ფაილი მე მაქვს. არსებობს 33 ფაილი, რომლებიც ჩემი შვილის კომპიუტერშია და კიდევ კარგი, შენახული მაქვს. იმ ფაილებში ამაზე უარესი კადრებია“, – ამბობს ეთერ კვიცარიძე.

მისი თქმით, სხვა კადრებშიც პოლიციელები მონაწილეობენ. კვიცარიძე ახსენებს სიგარეტით დაწვას და გაშიშვლების პრაქტიკას. მისივე თქმით, კადრების შესახებ თავდაპირველად შვილის მოსამართლეს, ქეთევან თხელიძეს აცნობა, რომელიც ამ ფაქტით არ დაინტერესებულა.

მისივე თქმით, ფაილებით არც პროკურორი დაინტერესებულა და ქუთაისიდან თბილისში გადაამისამართა.

„ნოდარ მელაძის შაბათის“ ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ შსს-მ კადრების ავთენტურობა დაადასტურა და აცხადებს, რომ კადრები 2022 წელს არის გადაღებული, თუმცა ეს დანაშაული თითქმის 4 წლის შემდეგ, 2026 წლის თებერვალში გამოვლინდა და ისინი პროკურატურამ დააკავა.

„საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული“, – აცხადებს შსს. სისხლის სამართლის არაერთი სპციალისტი კადრებში ასახულ პოლიციელების ქმედებებს წამებად აფასებს