იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა

პუბლიკა

იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. ასევე კომიტეტმა ხელახლა დაუჭირა მხარი რუსული კანონის პირვანდელ ვერსიას.

ვეტოს საკითხს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ და უყრიან კენჭს. პლენარული სხდომები მიმდინარე კვირაში სამშაბათიდან გაიმართება.

თუ პარლამენტი ვეტოს დაძლევს, პროცედურის მიხედვით, კენჭი ხელახლა უნდა ეყაროს რუსულ კანონს და ის მიღებულად ჩაითვლება, თუ პარლამენტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერას მიიღებს.

მიღების შემთხვევაში კანონი ხელმოსაწერად კვლავ პრეზიდენტს გადაეგზავნება. თუ სალომე ზურაბიშვილი ხელს არ მოაწერს, მას ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. ამის შემდეგ კანონი ძალაში შევა და მასშივე გათვალისწინებულ ვადებში ამოქმედდება.

მოტივირებული შენიშვნები (ვეტო) კანონის ამოქმედებიდან მის ერთ დღეში გაუქმებას ითვალისწინებს.

პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში წერს, რომ რუსული კანონი არღვევს კონსტიტუციის 4 მუხლს.

„ეს კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას“, – წერია დოკუმენტში.

მოტივირებული შენიშვნების მიხედვით, კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 22-ე მუხლს – გაერთიანების უფლებას; მე-15 მუხლს – პირადი და ოჯახური ცხოვრების,  პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებას; მე-11 მუხლს – თანასწორობის უფლებას; 78-ე მუხლს –  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

„კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური, მაშასადამე, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, იგი არ ექვემდებარება გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით, რადგან მისი არსი, მისი შინაარსი და პრინციპები მიუღებელია. შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას“, – წერს პრეზიდენტი.