იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 4 ახალი მოსამართლე წევრი ჰყავს

პუბლიკა

მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩიეს.

საბჭოში ახალი მოსამართლეები გახდნენ თემურ გოგოხია, ლევან მიქაბერიძე, ბადრი შონია, გოჩა აბუსერიძე. მათ ჩაანაცვლეს დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი ბონდარენკო, ირაკლი შენგელია და ვასილ მშვენიერაძე.

ვინ არიან საბჭოში ახლადარჩეული მოსამართლეები

1.თემურ გოგოხია

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარედ.

2007 წლის 28 მარტს დაინიშნა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორად.  2008-2010 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე. 2010-2012 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე. 2013 – 2017 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.

თემურ გოგოხია 2020 წლამდე იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრის, ამჟამად საპროკურორო საბჭოს წევრის, რევაზ ნადარაიას ქვისლია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი 2019 წელს აცხადებდა, რომ ნადარაიასა და გოგოხიას შორის ნათესაური კავშირი ინტერესთა კონფლიქტს ქმნის.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2018 წელს წერდა, რომ მოსამართლეთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში გამოიკვეთა ნეპოტიზმის შესაძლო შემთხვევები, მათ შორის მოხსენიებულია სწორედ გოგოხიასთან გასაუბრება, რომელიც, ორგანიზაციის ცნობით, დაიხურა.

თემურ გოგოხიას სახელი გვხვდება „უფლებები საქართველოს“ მიერ მომზადებულ დოკუმენტებში.

კერძოდ, მოსამართლეების განათლების ხარისხსის დიპლომების კველვაში ორგანიზაციამ აღმოაჩინა, რომ გოგოხიას დიპლომში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება არასწორადაა მითითებული.

სოციალურ მედიაში (Facebook) მოსამართლეთა ქცევის შესახებ გამოქვეყნებულ კვლევაში კი წერია, რომ 2016 წელს თემურ გოგოხიამ პოლიტიკური წარმატება მიულოცა ვანო ზარდიაშვილს.

თემურ გოგოხია არის მოსამართლე, რომელმაც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო და რიგი შემზღუდავი ღონისძიებები შეუფარდა, მათ შორის, დაუწესდა ელექტრონული მონიტორინგი.

2. ლევან მიქაბერიძე

2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2020 წლის 8 მაისიდან არის საკვალიფიკაციო პალატის წევრი.

2019 წლის ივლისიდან 2019 წლის 12 დეკემბრამდე დაინშნული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2016-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2019 წელს, 21 ოქტომბერს პარლამენტში მისი გასაუბრებისას მიქაბერიძემ თქვა, რომ სასამართლოში კლანური მმართველობის განცდა არ აქვს. მან ასევე თქვა, რომ „არ გვჭირდება“ ლუსტრაციის კანონი.

ამონარიდი საბჭოსთან 2019 წლის გასაუბრებიდან:

გახმაურებული საქმეებიდან მის პორტფოლიოში იძებნება „თბილავიამშენის საქმე“.

სამართლებრივი საკითხი იყო: იძულება, როგორც სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი

ფაქტები: 2017 წლის 26 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, ლევან მიქაბერიძის თავმჯდომარეობით, მიიღო გადაწყვეტილება სს ,,თბილავიამშენის“ წილებისა და სააქციო საზოგადოება ,,თბილავიამშენის“ აქციების სახელმწიფოსთვის ჩუქების საქმეზე.

დეტალურად გეცანით გადაწყვეტილებას აქ.

3. ბადრი შონია

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით, გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ. 2006 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა რაიონში პროკურორად. 2011 წლიდან დაიწყო სამოსამართლეო საქმიანობა თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვადასხვა კოლეგიის მოსამართლედ.

2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით, დაინიშნა ახალგორის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით, დაინიშნა მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ.

ბადრი შონია იყო „ბირჟა მაფიის“, „ციანიდის საქმის“ წინასასამართლო სხდომის და ბასიანზე 3 პირის დაჭრის საქმის მოსამართლე. 

„ბირჟა მაფიის“ წევრები გიორგი ქებურია და მიშკა მგალობლიშვილი 2017 წლის 7 ივნისს დააკავეს, კლიპის – „Tsl Shavi Zeda-ს” გამოქვეყნების შემდეგ.

მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობის მუხლით წაუყენეს. პროკურატურა ქებურიას 2,3342 გრამი MDMA-ის შეძენა-შენახვას ედავებოდა.

რეპერების თქმით, პოლიციამ მათ ნარკოტიკული საშუალება ჩაუდო დაკავებმადე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნებული კლიპის გამო, სადაც პოლიცია იყო გაშარჟებული.

რეპერების დაკავებას საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, გაიმართა ფართომასშტაბიანი აქცია.

ამ საქმეზე მოსამართლე შონია ირწმუნებოდა, რომ არ იცოდა მათი რეპერობის შესახებ.

4. გოჩა აბუსერიძე

გოჩა აბუსერიძე მოსამართლედ  2009 წელს დაინიშნა. 2009-2012 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2012 წლიდან დღემდე არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2013 წლიდან ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე. აბუსერიძე იგივე პოზიციაზე 2017 წელსაც აირჩიეს 5 წლის ვადით. 2020 წლის მარტიდან ის არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლე.

2020 წლის ივლისში იუსტიციის საბჭოს წინაშე უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ აბუსერიძესთან გასაუბრებისას მას ნაზი ჯანეზაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესახებ ჰკითხა, რომელშიც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გამოწვევებზეა საუბარი.

ნაზი ჯანეზაშვილი: სასამართლოსთან მიმართებაში ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ეს იყო, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა იყო საკმაოდ უარყოფითად შეფასებული და ასევე კომპეტენციაც მათ შორის მოსამართლეების. თქვენ რითი ასაბუთებთ ამას? აი თქვენ რასაც საუბრობთ ახლა ამის საპირისპირო იწერება ანგარიშებში. როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე. რა ახსნა აქვს ამას თქვენი აზრით?

გოჩა აბუსერიძე: ჩემი მიდგომა არის შემდეგი რა… ანუ ერთია თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის უწყება და მათ შორის სასამართლო ხელისუფლება და მეორეა აღქმა, თუ როგორ აღიქმება ამ უწყების მუშაობა. იმიტომ ვთქვი, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სასამართლოს მიმართულებით ეს არის უფრო მეტი გახსნილობა. მე ჩემი მოსაზრებით კიდევ უფრო მეტი ანგარიშვალდებულება და კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება რომ ყოფილიყო, სასამართლოს საქმიანობის განხორციელების რეალობიდან გამომდინარე ალბათ ასეთი გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული. და ზოგადად, აღქმა არის უფრო ცუდი ვიდრე რეალური სიტუაცია და ალბათ ამან გამოიწვია სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყების ანგარიშში ამგვარი შეფასება.

გოჩა აბუსერიძეს ეკუთვნის ფრაზა: „ქართველი ქალი როგორც დედა, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ესაა, შვილების ასე ვთქვათ გამჩენი და აღმზრდელი, რა თქმა უნდა მამასთან ერთად, კარგი მეოჯახე, ნიშნავს იმას, რომ ოჯახის მოყვარული, მეუღლის მოყვარული, რა ვიცი, სიყვარულზე დაფუძნებული ოჯახის ერთ-ერთი წევრია“.

აბუსერიძემ ეს პასუხი ჯანეზაშვილის შეკითხვას გასცა გენდერული საკითხების შესახებ საუბრისას.

2020 წლის 10 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასრჩევად კანდიდატებთან საბჭოს გასაუბრებაზე საბჭოს არამისამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა კანდიდატს პოლიტპატიმრების შესახებ დაუსვა კითხვა, რაზეც აბუსერიძემ უპასუხა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან.

მოსამართლეთა კონფერენცია პროტესტის ფონზე დაიწყო.

აქცია გამართეს რასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა.

მათ დამოუკიდებელ სასამართლოს და ე.წ. სასამართლო კლანის დასრულება მოითხოვეს. მიიტანეს ანერები, მარიონეტები მოსამართლის მანტიით, საყვირები და სასტვენები.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების არჩევას და რიგგარეშე კონფერენციის ჩანიშვნას აპროტესტებენ არასამთავრობო ორგანიზაციის, პოლიტიკური პარტიების წევრები. აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებმა პროცესის შეჩერების რეკომენდაცია გასცეს. პარლამენტში პარტია „ლელომ“ საკანონმდებლო ინიციატივაც დააყენა, რომ გამოცხადდეს მორატორიუმი მოსამართლეების არჩევაზე მანამ, სანამ არ განხორციელდება რეფორმა.

LB loan image desktop LB loan image mobile