„სასამართლოს სჭირდება ხელშეწყობა და არა ბულინგი" | მოსამართლეების პასუხი ოპონენტებს

პუბლიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სკოლაში მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია, რომელზეც იუსტიციის საბჭოს 4 მოსამართლე წევრი უნდა აირჩიონ, პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

კონფერენციის პარალელურად აქციაზე შეკრებილები არიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.

ისინი დამოუკიდებელ სასამართლოს და ე.წ. სასამართლო კლანის დასრულებას მოითხოვენ. მათ მიტანილი აქვთ ბანერები, მარიონეტები მოსამართლის მანტიით, საყვირები და სასტვენები.

სიტყვიერი დაპირისპირება იყო „სირცხვილიას“ აქტივისტ ნოდარ რუხაძესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრ ირაკლი შენგელიას შორის. რუხაძე მას შეკითხვებს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და „კლანის“ გავლენების შესახებ უსვამდა.

მოსამართლეები ამტკიცებენ, რომ სასამართლოში „კლანი“ არ არსებობს და სისტემა დამოუკიდებელი და გამჭვირვალეა.

„მე არ მინახავს არც გამოცდილება და არც ქვეყანა, სადაც ხდებოდეს დიდი საქმეების კეთება ლანძღვა-გინებითა და კონკრეტულად მოსამართლეების დევნითა და მათი მორალური და ფიზიკური შეურაცხყოფით. როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები ღებულობენ დონორების ფულს და ამას იყენებენ იმაში, რომ დააბულინგონ მოსამართლეები, მათ მიმართ ახორციელებენ მორალურ ზეწოლას… როდესაც, მაპატიეთ, მაგრამ ტელევიზიაშიც 24/7-ზე მიმდინარეობს მოსამართლეების და სასამართლოს ლანძღვა-გინება, ამით ვერ გაკეთდება დამოუკიდებელი სისტემა, სასამართლოს სჭირდება ხელშეწყობა და მას არ სჭირდება ბულინგი“, – განაცხადა მოსამართლე ლევან მურუსიძემ.

მოსამართლე დიმიტრი გვირიტშვილის განცხადებით, თუ თეორიულად სასამართლოში არსებობს კლანი, რომელსაც სურს მოსამართლეებზე გავლენის შენარჩუნება, მოსამართლეებს საბჭო უვადოდ არ გადანიშნავდა.

„დღევანდელი კონფერენციის გადადებისთვის მიზეზად დასახელებული იქნა რეფორმის გატარების აუცილებლობა. წარსული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რეფორმა ერთ ან ორ თვეში ვერ სრულდება ,აქედან გამომდინარე, ვინაიდან 24 ივნისის შემდგომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რჩება მხოლოდ 6 წევრი, საბჭო იქნება სრულად პარალიზებული, იმიტომ რომ კანონის თანამხად სულ მცირე 8 წევრია საჭირო, რომ საბჭო შეიკრიბოს და გადაწყვეტილებები მიიღოს“, – განამარტა გვრიტიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის განცხადებით, არჩევნების გადადება გამოიწვევდა იმას, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლო შეწყვეტს ფუქნციონირებას.

„საბჭო არ ნიშნავს მხოლოდ მოსამართლეებს, საბჭო ამტკიცებს  სასამართლოს ბიუჯეტს, მატერიალურ უზრუნველყოფას ახდენს პირველი-მეორე ინსტანციისდა ყველა ეს გადადება ამ ფუნქციონირების შეწყვეტას გამოიწვევს“, – განაცხადა ქადაგიძემ.

ნაზი ჯანეზაშვილის ცნობით, მოსამართლეთა კონფერენციას 274 მოსამართლე ესწრება. იუსტიციის საბჭოს წევრობის 4 ადგილზე დასახელდა 4 კანდიდატი: თემურ გოგოხია, ლევან მიქაბერიძე, ბადრი შონია, გოჩა აბუსერიძე.


იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების არჩევას და რიგგარეშე კონფერენციის ჩანიშვნას აპროტესტებენ არასამთავრობო ორგანიზაციის, პოლიტიკური პარტიების წევრები. აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებმა პროცესის შეჩერების რეკომენდაცია გასცეს. პარლამენტში პარტია „ლელომ“ საკანონმდებლო ინიციატივაც დააყენა, რომ გამოცხადდეს მორატორიუმი მოსამართლეების არჩევაზე მანამ, სანამ არ განხორციელდება რეფორმა.


რა წერია სასამართლო სისტემის რეფორმაზე შარლ მიშელის დოკუმენტში

ამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმის ნიშნად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა, შემდეგი პუნქტების ჩათვლით:

  • სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ, 2017 და 2019 წლებში მიღებული მართლმსაჯულების რეფორმების ორი პაკეტის შესაბამისად:
    ა) პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევა, განსაკუთრებით მოსამართლეების დასანიშნად კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციის კრიტერიუმებზე დაფუძნებული წერილობითი დასაბუთების გამოქვეყნების გზით;
    ბ) პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას;
    გ) უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს;
    დ) მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებელი კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად წესების დადგენის გზით.
  • ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა.

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა, რათა გაიზარდოს გამჭვირვალობა, კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება, მათ შორის განისაზღვროს დანიშვნის, შეფასების, დაწინაურების, გადაყვანის, დისციპლინური გადაწყვეტილებების და დავების საკითხები, რომელიც გაეგზავნა ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) განსახილველად და მათი რეკომენდაციები სრულად უნდა იყოს შესრულებული.

  • რაც შეეხება მომავალ გენერალურ პროკურორებს, საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად აუცილებელი პროცედურების შემდეგ, საჯარო დებატების ჩათვლით, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, რომ შემდეგი გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის საჭირო იქნება პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს; ეს დანიშვნები უნდა ჩატარდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, გაჭვირვალე, მიუკერძოებელი, დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, მომავალი გენერალური პროკურორების არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმის შემდეგნაირ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით:

1. პირველ ორ მცდელობას პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები დასაჭირდება. შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება.

2. ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არა უადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან.

3. არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (უბრალო უმრავლესობით) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ერთი წლით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს.

  • პარტიები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ სასამართლო რეფორმა ინკლუზიური პროცესის საშუალებით, სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღის ეფექტიანობის შეფასების ჩათვლით. ამ რეფორმების განხორციელების პროცესში გამოყენებული იქნება საერთაშორისო ექსპერტების რჩევები და დახმარება, განსაკუთრებით დასანიშნი მოსამართლეების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.

ვადები:

1. ამ შეთანხმების განხორციელებისა და შემდგომი რეფორმების შესახებ დისკუსია იწყება სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლისთანავე.

2. პროექტი შედგენილია და 1 ივლისამდე იგზავნება ვენეციის კომისიაში დასკვნის მისაღებად.

3. პირველი კენჭისყრა პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე ჩატარდება.

4. პარლამენტი სწრაფად დაამტკიცებს რეფორმებს, არა უგვიანეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიისა.

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile