„ქართული ოცნების“ ინიციატივას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე ეხმაურება.
როგორც მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მმართველი გუნდის ინიციატივაა საკონსტიტუციო ცვლილებით 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო არჩევნები მხოლოდ შერეული სისტემით ჩატარდეს.
„მამუკა მდინარაძემ თავისი არაადეკვატური ბრიფინგით დღეს საბოლოოდ დაადასტურა, რომ მმართველი პარტიის ერთადერთი მიზანი და საზრუნავია, მოირგოს კონსტიტუცია და საარჩევნო კანონმდებლობა ისე, რომ მხოლოდ მას ჰქონდეს გარანტირებული მოგება.
ის, რომ ამის ხმამაღლა გაჟღერებას არ ერიდებიან, ცალსახა ნიშანია იმისა, რომ ივანიშვილი არა მხოლოდ დაადგა ავტორიტარიზმის გზას, არამედ უკვე აღარც კი აინტერესებს სახის შენარჩუნება და დემოკრატიულ ნიღაბს ამოფარება. ცხადია, მათ სურვილებს განხორციელება არ უწერია, მაგრამ ეს რიტორიკაც კი დიაგნოზია და სამწუხაროდ, ამ ქვეყნის მომავალზე აისახება ცუდად“, – ამბობს ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე.