ივანიშვილზე დაწერილ დეპუტატის სტატუსს პიარკომპანია მედიას მეილით უგზავნის

პუბლიკა

პიარ საკონსულტაციო ჯგუფი (PRCG) მედიას უგზავნის ელექტრონულ წერილს, რომ დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ ბიძინა ივანიშვილზე facebook-სტატუსი დაწერა. მედიისთვის გაგზავნით წერილში ნათქვამია:

„საქართველოს პარლამენტის წევრი, შალვა კიკნაველიძე ფონდი ქართუს მიერ StopCov ფონდში 100 მილიონი ლარის გადარიცხვის საკითხს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმურება.
„ისევ საქართველოსთვის!
ისევ ბიძინა ივანიშვილი!
ისევ ქართუ!
როგორც ყოველთვის სჩვევია…
უხმაუროდ…
სწორედ მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას…
სწორედ ის, რაც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია…
100 000 000 ლარი საქართველოს!”, – წერს სოციალურ ქსელში დეპუტატი”.


შალვა კიკნაველიძე ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატია. ის ასევე იყო მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით.

საქართველოს პარლამენტის 2018 წლის საქმიანობის შეფასების ანგარიშით, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მოამზადა, აღნიშნულია, რომ 2018 წელს კინკაველიძეს სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია. ამავე ანგარიშის მიხედვით, მან 2018 წელს კითხვა 3-ჯერ დასვა.