„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხუთშაბათს, 22 მაისს, სასამართლო პროცესზე შესაძლოა, დააკავონ. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, არ აპირებს 20 000-ლარიანი გირაოს გადახდას, რომელიც მას სასამართლომ „ქართული ოცნების” პარლამენტში შექმნილი წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დააკისრა.
„დღეს გამდის გირაოს გადახდის ვადა. დღეს არ დამიჭერენ, მაგრამ ხუთშაბათს მაქვს პროცესი. ხუთშაბათს არის შანსი, რომ დამიჭირონ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
შეკითხვაზე, გირაოს გადახდას აპირებს თუ არა, ზურაბ ჯაფარიძემ უპასუხა: „არა, შანსი არ არის. თუ დამიჭერენ, ციხეში წავალ. ველოდები, რომ დამიჭერენ. 99% ალბათ, დამიჭერენ“, – თქვა ჯაფარიძემ.
ზურაბ ჯაფარიძემ ისაუბრა იმ პოლიტიკოსებზე, რომლებმაც გირაოს თანხა გადაიხადეს და აღნიშნა, რომ ეს მათი ინდივიდუალურად გადასაწყვეტი საკითხია.
„მე ჩემი პირადი ამბავი მაქვს. ციხეში წასვლა კი არ მინდა, ჩემთვის პრინციპული ამბავია, რომ მაგ ფარსში მონაწილეობა არ მივიღო. ეს თავიდანვე ვთქვი, როცა დამიბარეს, რომ იქ არ მივალ, ამას რაც არ უნდა მოჰყვეს – მეთქი, ნებისმიერ შემთხვევაში, იმ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ-თქო. არ მივიღებ, გამორიცხულია. ჩემთვის ეს პრინციპული ამბავია. თუ დამიჭერენ, დამიჭირონ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
14 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო თარაშვილმა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.