ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი ხუნდაძე წარადგინეს

პუბლიკა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, დიმიტრი ხუნდაძის კანდიდატურა წარადგინა.

დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წინააღმდეგი იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის მიღების. ის 2024 წლისთვის სრულად მაჟორიტარული სისტემით არჩევნების გამართვის ინიციატივითაც გამოვიდა.

აღნიშნული თანამდებობა  ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ საპარლამენტო მანდატი დატოვა.  აკაკი ზოიძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე იყო. ამ ინიციატივის ჩაგდების შემდეგ მან საპარლამენტო უმრავლესობას პლებისტიცის გამართვის ინიციატივა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.