დავარეგისტრირეთ საინიციატივო ჯგუფი მაჟორიტარულ სისტემაზე გადასასვლელად - ხუნდაძე

პუბლიკა

„2020 წლის საარჩევნო სისტემას ჩვენ არ შევეხებით და ის დარჩება შერეული, მაგრამ ასევე ჩვენ ვთქვით პირობა, რომ ჩვენ შევეცდებით დავარეგისტრიროთ საკანონმდებლო ინიციატივა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასასვლელად“,- ამის შესახებ მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ეს მისცემს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს პირდაპირი კავშირი ხელისუფლებასთან.

„საარჩევნო სისტემის თემა კიდევ რჩება აქტუალურ თემად. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში, თანამოაზრებთან ერთად უმრავლესობაში შევთანხმდით. ეს იყო ჩვენი კომპრომისული ვარიანტი, რომ 2020 წლის საარჩევნო სისტემას ჩვენ არ შევეხებით და ის დარჩება შერეული, მაგრამ ასევე ჩვენ ვთქვით პირობა, რომ ჩვენ შევეცდებით დავარეგისტრიროთ საკანონმდებლო ინიციატივა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასასვლელად. ეს იქნება ამერიკული საარჩევნო სისტემის მოდელი, ორპალატიანი. ეს მისცემს საშუალებას, რომ თითოეულ მოქალაქეს და საზოგადოებას ჰქონდეს პირდაპირი კავშირი ხელისუფლების დაკომპლექტებასთან. ეს იქნება ძირითადი წყარო“,-განაცხადა ხუნდაძემ.

ხუნდაძის თქმით, დღეს დარეგისტრირდა საინიციატივო ჯგუფი. დეპუტატმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა უმრავლესობის შეხვედრა, რომელიც აზრთა სხვადასხვაობის გამო იყო დაძაბული.

„დღეს ჩვენ დავარეგისტრირეთ საინიციატივო ჯგუფი, დავურთეთ რა თქმა უნდა, თავისი განმარტებითი ბარათით. პროცედურულად ის გადაეცემა შესაბამის საპროცედურო კომიტეტს. მას აქვს ერთი კვირის ვადა, რომ განიხილოს და მოგვცეს ფორმები, რითიც ჩვენ გავალთ ხალხში. მე მაქვს იმედი, უმეტესობა საზოგადოებისა შეხვდება ამას პოზიტიურად და მერე ვნახოთ, რომელი პარლამენტარი არ დაუჭერს მხარს საზოაგდოების ასეთ მაღალ ხარისხში მოთხოვნას. დღეს ამასთან დაკავშირებით გვქონდა უმრავლესობაში შეხვედრა“, – განაცხადა ხუდნაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან ამ საკითხზე, ხუნდაძემ განაცხადა, რომ ეს შიდაპარტიული საკითხია.