ჯანდაცვის კომიტეტზე ლევან კობერიძე და სოფო კილაძე შეკამათდნენ

პუბლიკა

„რას ნიშნავს „ნამუსი ხომ არ მაქვს” ვერ გავიგე? ცოტა დაუწიე ტონს. ადამიანების უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხარ და შეურაცხყოფას ასე ადვილად ნუ აყენებ ადამიანს”, – ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები „საზოგადოებრივი ჯანმთელობის შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავნენ, დეპუტატები ლევან კობერიძე და სოფო კილაძე შეკამათდნენ.

ლევან კობერიძე იმ რეპლიკაზე გაღიზიანდა, რომელიც სოფო კილაძემ მისი გამოსვლის დასასრულ თქვა.

– „ … ყოველდღე აქ ვართ ლევან, ნამუსი არ გაქვს, და შენგან განსხვავებით, საქმესაც ვაკეთებთ”, – აღნიშნა კილაძემ.

– „მოიცა, „ნამუსი არ გაქვს” რა სიტყვებია. მე მგონი, შეურაცხყოფა მე შენთვის არ მომიყენებია და ნამუსი შენკენ მოიკითხე. რას ნიშნავს „ნამუსი ხომ არ მაქვს” ვერ გავიგე ? რა სიტყვებია ვერ გავიგე? ცოტა დაუწიე ტონს. ადამიანების უფლებების დაცვის კომიტეტი ხარ და შეურაცხყოფას ესე ადვილად ნუ აყენებ ადამიანს”, – ასე უპასუხა ლევან კობერიძემ კილაძის რეპლიკას.

– „სკანდალი გინდა ახლა და მიკროფონი ჩართე, რომ კოლეგისთვის შეურაცხყოფა მოგეყენებინა. ყოველდღე აქ ვართ და გვიანობამდე ვმუშაობთ კიდეც, და შენგან განსხვავებით საქმესაც ვაკეთებთ”, – მიუგო კილაძემ კობერიძეს.

კომიტეტის სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმთელობის შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე ლევან კობერიძე აღნიშნავდა, რომ ეს არის ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი და ხდება პარლამენტის როლის დაკნინებაც.

„ასეთი კმაყოფილებით და ასეთი აღტკინებით როგორ უგორებთ კოჭს მთავრობას პარლამენტის წევრები, ჩემთვის გაუგებარია სიმართლე რომ გითხრა. სულისკვეთება, ინსტიტუციური მეხსიერება ყალიბდება იმ ნაბიჯებით, რაც იდგმება ამ დღეებში და ამ ვითარებაში. და რეალურად დღეს ქმნით ინსტიტუციურ მეხსიერებას, როდესაც საპარლამენტო როლის გაძლიერება კი არ ხდება, პირდაპირ რეალურად ხდება ანტიკონსტიტუციური, კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონის მიღება. რაოდენობა გყოფნით, თქვენ ამას ვერ დაგიშლით ვერავინ, მაგრამ „ქართული ოცნება“ ნამდვილად მარტო იქნება ამ ყველაფერში. ვთვლი, რომ ეს არ არის ეპიდემიისათვის რაიმე სარგებლის მომტანი ნაბიჯი. ეს არის, პირდაპირ ვიტყოდი, დემოკრატიის საწინააღმდეგოდ გადადგმული ინსტიტუციურად  ნაბიჯი, არათუ უკან, არამედ ავტორიტარიზმისკენ”, – განაცხადა კობერიძემ.

ამავე თემაზე:

► ახალი კანონპროექტი მთავრობას არაპროპორციულ ძალას ანიჭებს – საია საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შემოსაღებ რეგულაციებზე;

► დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს შეიცავს – EMC;

► საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შემზღუდავი ღონისძიებები არაკონსტიტუციურია – TI;

► აუცილებელია ამ შეზღუდვების დაწესება პარლამენტის ნებართვით ხდებოდეს – გოცირიძე;

► საკარანტინო ღონისძიების ფარგლებში მთავრობა შეზღუდვების დაწესებას საგანგებოს გარეშეც შეძლებს – კანონპროექტი.