ჯანდაცვის სამინისტროს სოცმუშაკები სერვისცენტრების დეზინფექციას ითხოვენ

კორონავირუსის გამო სოცმუშაკები ჯანდაცვის სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებულ სააგენტოებს მოუწოდებენ, რომ სერვისცენტრებში დეზინფექცია ჩაატარონ.

ჯანდაცვის სამინისტროს სააგენტოს ერთ-ერთი სოცმუშაკი თამარ ღარიბაძე Facebook-ზე საჯარო პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრს არამხოლოდ დეზინფექცია არ უტარდება, არამედ 2 თვეზე მეტია დამლაგებელიც არ ჰყავთ. მისივე განცხადებით, მოუწესრიგეებელია საპირფარეშოებიც, შენობას, ხშირად, სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის მოადგილე ალაგებს თანამშრომლებთან ერთად.

„ჯანდაცვის დაქვემდებარებაში რომ ხარ და ელემენტარული პირბადითა და ანტიბაქტერიული, ხელის დასამუშავებელი სითხეებით არ მოგამარაგებენ, რაზე უნდა ილააპარაკო საერთოდ… პერიოდულად თანხას ვაგროვებთ და ვქირაობთ ადამიანს, რომ დაალაგოს და ელემენტარულად საპირფარეშოებით სარგებლობა შევძლოთ. საინტერესოა, სადამდე გაგრძელდება ეს ყველაფერი და როდის იკადრებენ და ჩვენც მოგვაქცევენ ყურადღებას“, – აცხადებს თამარ ღარიბაძე.

„სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ განცხადებით, სოციალურ მომსახურებისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოები ერთსა და იმავე შენობებშია განთავსებული და მთელი საქართველოს მასშტაბით ასეთი 71 სერვისცენტრი არსებობს. სერვისცენტრებში კი ყოველდღიურად ასობით მოქალაქეს ემსახურებიან.

„ამასთან, სოციალური მუშაკები ყოველდღიურად დადიან ვიზიტებზე ბენეფიციართა ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და თავშესაფრებში. საჭიროების შემთხვევაში უწევთ ვიზიტი საავადმყოფოებში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, პოლიციის განყოფილებებში და ა.შ.“, – აცხადებს სოცმუშაკთა გაერთიანება. მათივე ინფორმაციით, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტომ  თანამშრომლებს რეკომენდაციები გაუზიარა კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილებასთან დაკავშირებით, თუმცა:

  • არ მომხდარა არცერთი სერვის ცენტრის დეზინფექცია, სადაც ასობით მოქალაქე მიდის ყოველდღიურად;
  •  არ მომხდარა თანამშრომლების უზრუნველყოფა ხელის დასაბანი ანტიბაქტერიული სითხეებით;
  •  არ მომხდარა პირბადეების დარიგება ოჯახებში ვიზიტის განხორციელებისას;
  • სოციალურ მუშაკებს არ მისცემიათ შესაბამისი ინსტრუქცია თუ როგორ უნდა მოიქცნენ ოჯახებში შესვლისას, რადგან მოქალაქის თვითიზოლაციაში ყოფნის დროსაც მათთვის აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი არ არის მანამ, სანამ არ მოხდება ოჯახში შესვლა;
  •  სერვის ცენტრების უმეტესობაში საერთოდ მოუწესრიგებელია საპირფარეშოები;
  •  არ ხდება მათი სათანადო მომარაგება ჰიგიენური საშუალებებით ;
  • ზოგიერთი სერვისცენტრი 2 თვეა მუშაობს დამლაგებლის გარეშე.

„ყოველივე ეს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის როგორც თავად თანამშრომლებს, ასევე მთლიან მოსახლეობას და არის რისკი ეპიდემიის გავრცელებისა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე „პუბლიკასთან“ აცხადებს, რომ სადეზინფექციო სამუშაოები უახლოეს დღეებში ყველა სერვისცენტრში ეტაპობრივად დაიწყება. მისივე თქმით, ელემენტარული პირობები ყველა სერვისცენტრშია შექმნილი. გოგოძე აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში სერვისცენტრებში ხელის სადეზინფექციო საშუალებებიც ხელმისწავდომი იქნება როგორც თანამშრომელთათვის, ასევე ბენეფიციართათვის. სააგენტოს დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ სერვისცენტრებში დამლაგებლების პრობლემა არ დგას და გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრში არსებულ მდგომარეობას მოიკითხავს. ის აღნიშნავს, რომ რადგან სოცმუშაკები სოციალურ მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები აღარ არიან, სააგენტოს უფლებამოსილებას აღემატება მათი საჭირო ატრიბუტებით მომარაგება.

„პუბლიკასთან“ კომენტარზე უარი განაცხადეს ტრეფიკინგის მსხვერპლთა სააგენტოში.