ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ და, მგონი, არც არავინ აპირებს, ვინც დღეს დააჯარიმეს - ჯაფარიძე

პუბლიკა

ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც დღეს პოლიციამ საგანგებო რეჟიმის დროს შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევის გამო 3 000 ლარით დააჯარიმა, აცხადებს, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს და მისი ინფორმაციით, არც სხვა პირები აპირებენ თანხის გადახდას, ვინც მასთან ერთად დააჯარიმეს.

„მე გაცხადებული მქონდა წინასწარ, რომ საგანგებო მდგომარეობას ვაპროტესტებდი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საგანგებო მდგომარეობა კრძალავს პროტესტის გამოხატვას, ცხადია, [აქციის გამართვა] იყო კანონის დარღვევა, მაგრამ თავისთავად კანონი არის გიჟური და გიჟური კანონები ხალხმა უნდა დაარღვიოს. სხვა შემთხვევაში აღმოვჩნდებით ძალიან ცუდ რეალობაში. არსებობს არაერთი პრეცედენტი მსოფლიო ისტორიაში, როდესაც იდიოტური კანონების უბრალოდ ზედმიწევნით შესრულებას შეეწირა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე. ის, რომ რაღაც კანონი არსებობს, არ ნიშნავს, რომ ამ კანონს უნდა დაემორჩილო. კანონს უნდა ჰქონდეს რაღაც მორალი და რაღაც რაციონალი.

ჩვენ რასაც ვხედავთ საგანგებო მდგომარეობის დროს ამ ქვეყანაში, რაც დაგვიკანონეს და დღეს რაც დაამატეს კიდევ, ეს კანონები არის ამორალური და ამ კანონების უკან არაფერი არ დგას, გარდა ძალაუფლების შენარჩუნების წყურვილისა”, – აცხადებს ჯაფარიძე ტვ პირველის ეთერში.

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ დღევანდელი პოლიციელების მოქმედება პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგია; რომ მთავრობის ქმედებებს პანდემიის შეჩერების მიზანი არ აქვს და ეს არის ამომრჩევლის თვალში დივიდენდების დაგროვების მცდელობა, როგორც კრიზისთან ეფექტურად მებრძოლი ხელისუფლების.