ჯერ კიდევ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - პრესსპიკერი

პუბლიკა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ციმბირში რუსმა ექიმებმა პრესკოფერენცია გამართეს. ომსკის საავადმყოფოს ექიმების განცხადებით, მათ ნავალნის სიცოცხლე გადაარჩინეს.

„ჩვენი დიდი ძალისხმევითა და შრომით გადავარჩინეთ ალექსეი ნავალნის სიცოცხლე. მის ორგანიზმში შხამის კვალი რომ გვეპოვა, ეს უფრო გაადვილებდა ჩვენს შრომას, რადგან გვექნებოდა მკაფიო დიაგნოზი და მკურნალობის კარგად ცნობილი კურსი“, – განაცხადა ალექსანდრე მურახოვსკიმ ომსკში კონფერენციაზე.

Reuters-ის ინფორმაციით, ომსკის საავადმყოფოს ექიმებმა უარყვეს ინფორმაცია ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე.

21 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაცია Cinema for Peace-მა კომაში მყოფი ნავალნის გერმანიაში სამკურნალოდ გადასაყვანად რუსეთში სასწრაფო დახმარების თვითმფრინავი გააგზავნა. ომსკის საავამდმყოფოს ექიმები თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ ალექსეი ნავალნის მდგომარეობა კრიტიკული იყო და მისი გერმანიაში გადაყვანა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო. ომსკის საავადმყოფოს ექიმების დიაგნოზის მიხედვით, რუსი ოპოზიციონერს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ჰქონდა.

მოგვიანებით, ექიმებმა გერმანელ სპეციალისტებს ნავალნის გადაყვანის უფლება მისცეს და ის შაბათს, 22 აგვისტოს ომსკის საავადმყოფოდან გერმანიაში გადაიყვანეს.

ორგანიზაცია Cinema for Peace-ის დამფუძნებელი ჯაკა ბიზილი აცხადებს, რომ კრემლის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი გადარჩება, თუმცა პოლიტიკური აქტივობის გაგრძელებას რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

„ნავალნი შხამიან თავდასხმას გადაურჩება, მაგრამ რამდენიმე თვის განმავლობაში ის უნარწართმეული იქნება, როგორც პოლიტიკოსი“, – განაცხადა მან.

თუმცა, ნავალნის პრესსპიკერი კირა იარმიში აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

რუსი ოპოზიციონერი, ბლოგერი, ანტიკორუფციული მოძრაობის წევრი ალექსეი ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა.

ნავალნის გარემოცვა, ახლობლები და მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ ალექსეი ნავალნი ჩაიში ჩაყრილი ნივთიერებით მოწამლეს.